საპარლამენტო უმცირესობასთან პრემიერ-მინისტრობისა და მთავრობის წევრობის კანდიდატების შეხვედრა მწვავე კამათით დასრულდა. შეხვედრის ბოლო ნაწილში კამათი "ევროპული საქართველოს" წევრ გიგა ბოკერიას განცხადებამ გამოიწვია, რომელიც ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენის საკითხს შეეხებოდა. როგორც ბოკერიამ განაცხადა, ამ უფლების აღდგენის წინააღმდეგ საქართველოს მკაფიო პოზიცია არ დაუფიქსირებია.
"უკრაინაში აგრესიის შემდეგ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთს შეუჩერა ხმის უფლება. ამ რეზოლუციაში საქართველოს პრობლემაც ნახსენებია. ეს კარგია ჩვენთვის. სამწუხაროდ, არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ ხმა დაუბრუნონ რუსეთს ისე, რომ მას არ შეუსრულებია რეზოლუციის პირობა. ბუნებრივია საქართველოს მიზანია, რომ თუ ვინმე ცდილობს რუსეთს ეს სანქციები მოუხსნას, ჩვენ ამის წინააღმდეგ ხმა ავიმაღლოთ. როგორც გაირკვა, ბოლო განხილვისას კომიტეტზე, საქართველოს პოზიცია საერთოდ არ დაუფიქსირებია. დღეს ვკითხეთ ბატონ ჯანელიძეს, ინსტრუქცია გაქვთ თუ არა მიცემული ელჩისთვის, რომ ყველა დოზით დაუპირისპირდეთ რუსეთისთვის ამ სანქციის მოხსნას, პასუხი მივიღეთ ზოგადი, რომ გაცემულია ინსტრუქცია იმოქმედოს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არ გაქვთ ინსტრუქცია და ეს არის დანაშაულებრივი საქმიანობა. სანამ გაგვდის, ასე გავაგრძელებთ, ეს არის თქვენი სლოგანი", - მიმართა ბოკერიამ მთავრობის წევრობის კანდიდატებს, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილს.
ამის პასუხად, კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ არც ერთი საერთაშორისო ფორმატი არ ყოფილა, სადაც საქართველო არ იყო სოლიდარული უკრაინისადმი. "დღესაც ვამბობ, კონკრეტულ შემთხვევაში საქართველო მოქმედებს ევროსაბჭოს პრინციპების და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გვქონია კაპიტულანტური პოზიცია ოკუპანტის მიმართ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ამის საპასუხოდ, ბოკერიამ კვირიკაშვილს კითხვით მიმართა, გაბრაზდა თუ არა მის განცხადებაზე, რაზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაეთანხმა.
"მე კი არა მთელი საქართველოა თქვენზე გაბრაზებული. ის, რაც თქვენ საქართველოს წინაშე გაქვთ გაკეთებული, ღმერთმა დაიფაროს ყველა პოლიტიკური ძალა. დანაშაული ვის აქვს ჩადენილი, ასახულია 7%-ში, რომელიც ჩვენმა მოსახლეობამ მოგცათ თქვენ", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ამის შემდეგ კამათში საგარეო საქმეთა მინისტრი ჩაერთო. მან ასევე კითხვით მიმართა გიგა ბოკერიას, რატომ არ დააყენა მისი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის პერიოდში გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატში საქართველომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი. "რატომ არ დააყენა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი? ელჩის დონეზეც კი არ იყო ეს საკითხი დაყენებული", - მიმართა ჯანელიძემ ბოკერიას.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ კი ჯანელიძეს ზრდილობისკენ მოუწოდა. თავის მხრივ კვირიკაშვილმა ბაქრაძეს მიმართა, რომ ზრდილობა მის თანაპარტიელებს მოსთხოვოს.