მომღერალი დათო გომართელი მეუღლეს დაშორდა. ქართული ესტრადის ერთ-ერთი გამორჩეული სახე, თითქმის ყველა თაობის საყვარელი შემსრულებელი რამდენიმე ათეული წელი იყო ქორწინებაში, თუმცა მყარი ურთიერთობა წლების შემდეგ დაირღვა. დათო გომართელი ახალი ცხოვრების შესახებ პირველად, გულახდილად ალაპარაკდა ჟურნალ "სარკესთან". გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:
- ძალზე ფაქიზი თემაა, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ. თბილისში დიდი ხანია ლაპარაკობენ იმაზე, რომ გაშორდით ცოლს, მარიშას. ეს მართალია?
- დიახ, მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ არ მიყვარს ტყუილი, არ ვარ ის ადამიანი, ვინც ან თვითონ იცხოვრებს ტყუილში, ან სხვას აცხოვრებს. არც ის შემიძლია, სახლში მეუღლე მყავდეს და სააბაზანოში ჩაკეტილი, მოშვებული ონკანის ჩხრიალში ჩუმად სხვა ქალს ველაპარაკო ტელეფონით და მესიჯები ვაგზავნო, რადგან დამთავრდა ერთი სიყვარული და დაიწყო მეორე, გადავწყვიტე, ყველაფრისთვის თავისი სახელი დამერქმია.
...ძალიან მძიმე, მტკივნეული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება იყო. როცა ახალგაზრდა ასაკში გენგრევა ოჯახი, მაშინაც რთულია, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა ასეთი გამძაფრებული არ გაქვს. მე ორმაგი პასუხისმგებლობა ავიღე ჩემი ძველი ოჯახის და ახალი ცხოვრების თანამგზავრის წინაშე.
- თქვენი ქალიშვილი დაშა-დარია?
- ნანატრი, სანუკვარი შვილია ჩემი გოგონა. 17 წელი ველოდებოდი შვილის შეძენას და ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი ემოციები მის მიმართ. დაშა-დარია 8 წლისაა. სახელი ბებიაჩემის სიყვარულით დავარქვი. მამა-შვილს განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. გასაგიჟებლად გვიყვარს ერთმანეთი.
დარია ჭკვიანი გოგოა, ევროპულ სკოლაში სწავლობს, უყვარს ხატვა და ცხოველები, ახლახან ძაღლი ვაჩუქე... მასთან ერთი წუთითაც არ გამიწყვეტია ურთიერთობა, ყოველდღიური შეხვედრები გვაქვს. სკოლიდან მე გამომყავს, ცურვაზე მე დამყავს, ერთად ვსეირნობთ, ერთად ვერთობით. კაცი უნდა ეცადო, მსგავს სიტუაციაში შვილს შენი სიყვარული და ყურადღება არ მოაკლო.
- ე. ი. 55 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყეთ.
- დიახ და ყველანაირად ვცდილობ, ეს ახალი ეტაპი გარშემომყოფი ადამიანებისთვის ნაკლებად მტკივნეული იყოს. ცხოვრება მოულოდნელობებით არის სავსე, მაგრამ, როცა სიყვარულია, ყოველთვის საინტერესოა.
ია ქუთათელაძე
ჟურნალი "სარკე"