საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის გასამარტივებლად ტექნოლოგიური კლასტერი იქმნება. ის გააერთიანებს ტექნოლოგიურ კომპანიებს, სტარტაპებს, სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებს, კერძო სექტორსა და საერთაშორისო კომპანიებს, რომელთა ერთობლივი საქმიანობითაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უფრო სტაბილური და სწრაფი გახდება.
პროექტი, რომელიც საქართველოში მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური ბიზნესის განვითარების პლათფორმა გახდება, ევროპის ერთ-ერთი წამყვანი, ლიმერიკის უნივერსიტეტისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის თანამშრომლობით განხორციელდება.
საქართველოში ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარება სწრაფი ტემპით ხდება. ამას ადასტურებს "სილიკონ ველი თბილისის" შექმნა და მისი მაღალტექნოლოგიური პროექტები, ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბის ჩამოყალიბება და სხვა საერთაშორისო ინოვაციური პროექტები. ამ ყველაფერმა კი ლიმერიკის უნივერსიტეტის დაინტერესება განაპირობა, რაც უნივერსიტეტის სტატუსიდან გამომდინარე საქართველოსთვის მეტად პოზიტიური შედეგის მომტანი იქნება.
ლიმერიკის უნივერსიტეტი ირლანდიის მთავრობის მიერ დაარსდა, როგორც ირლანდიის გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული გეგმის ნაწილი. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში უნივერსიტეტების ფაქტორის გაძლიერება და ბიზნეს სექტორის მოთხოვნების დაკმაყოფილებაა. უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს საინჟინრო/ტექნოლოგიების და ბიზნესის სფეროებში დასაქმებული კადრების კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განმარტებით, ლიმერიკის უნივერსიტეტის მოდელის ადაპტირება საქართველოს ტექნოლოგიურ კლასტერში "სილიკონ ველი თბილისის" ინიციატივით მოხდება.
"ლიმერიკის უნივერსიტეტს უნივერსიტეტისა და კერძო სექტორის პარტნიორობის განვითარების ძლიერი მოდელი აქვს. ის მჭიდროდ თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან რეგიონალურ, ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე. მისი ფუნქციონირების მოდელი არაერთ ქვეყანაში წარმატებით დაინერგა და მდგრადობით გამოირჩევა. მათივე ინიციატივით შეიქმნა ირლანდიის ნაციონალური ტექნოლოგიური პარკი, რომელშიც განთავსებულია ტექნოლოგიური კომპანიების კლასტერი. კლასტერი დიდ როლს თამაშობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და მათ გაძლიერებაში. ტექნოლოგიური პარკი ამ კომპანიებს თანამედროვე, მსოფლიო დონის ინფრასტრუქტურას სთავაზობს. უნივერსიტეტთან თანამშრომლობა კი მათ უახლეს ინფორმაციასა და კვლევებზე წვდომას უმარტივებს. ეს ყველაფერი ბიზნესისა და შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის სწრაფად განვითარებას განაპირობებს," - განმარტავს მიხეილ ბატიაშვილი.
კლასტერის განვითარების მიზნით საქართველოში შეიქმნება ტექნოლოგიური საბჭოც, რომელშიც საქართველოს კერძო და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლები, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები გაერთიანდებიან.