ავტორი:

სასურველი გზავნილის ნაცვლად "სითი პარკის" ჯარიმები - რის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს ქართველი მძღოლები

სასურველი გზავნილის ნაცვლად "სითი პარკის" ჯარიმები - რის შესახებ აფრთხილებენ ერთმანეთს ქართველი მძღოლები

ქართველი მძღოლები სოციალურ ქსელში ერთმანეთს აფრთხილებენ, რომ კერძო საფოსტო კომპანიებიდან მიღებული შეტყობინებები გზავნილის შესახებ ყურადღებით გადაამოწმონ, რადგან ფოსტაში მისულებს, შესაძლოა, "სითი პარკის" ჯარიმები დახვდეთ.

"ავტომანქანების მფლობელო მეგობრებო, თუ დაგირეკეს კერძო საფოსტო კომპანიიდან, ტექსტით "თქვენს სახელზე შეტყობინებაა / ამანათია / გზავნილია და მობრძანდით", არ გაბრიყვდეთ და არ მიხვიდეთ: CT Park-ის ჯარიმების დარიგების ახალი მეთოდია"! - წერს "ფეისბუქის" მომხმარებელი.

ერთ-ერთი მძღოლი, ვინც "სითი პარკისგან" შეტყობინება საფოსტო კურიერის საშუალებით მიიღო, თენგო მირცხულავაა. უფრო კონკრეტულად კი - მისი შეტყობინება კურიერმა მეზობელს დაუტოვა.

"ვიფიქრე, შესაძლოა, ჩემმა რომელიმე მეგობარმა გამომიგზავნა რამე, რადგან შეტყობინებაში აღნიშნული იყო, რომ ფოსტაში ჩემს სახელზე გზავნილის ასაღებად უნდა მივსულიყავი. მივედი მითითებულ მისამართზე, ერთ-ერთი კერძო საფოსტო კომპანია იყო. მითხრეს, რომ "სითი პარკის" ჯარიმები უნდა ჩამებარებინა. არ ჩავიბარე, რადგან შეტყობინება ჩემს ნაცვლად მეზობელს დაუტოვეს, მე კი ფოსტაში მოტყუებით მიმიყვანეს,"- ამბობს თენგო მირცხულავა.

კომპანია "სითი პარკში" AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ მრავალი წელია, მძღოლები შეტყობინებებს ჯარიმების შესახებ სხვადასხვა საფოსტო მომსახურების საშუალებით იღებენ.

"ჩვენ გვყავს რამდენიმე საფოსტო კომპანია, ქვეკონტრაქტორი, რომლებიც არიგებენ ჯარიმებს. მათ შორის არის "საქართველოს ფოსტაც". ისინი უზრუნველყოფენ ადრესატამდე წერილის მიტანას.

რაც ჯარიმები არსებობს, ყოველთვის სხვადასხვა საფოსტო კომპანიას მიჰქონდა ადრესატამდე შეტყობინებები. კანონის მიხედვით, მთავარია, ინფორმაცია მიეწოდოს ავტომფლობელს ჯარიმის შესახებ, ან - მისი ოჯახის წევრს. ჯარიმა კი ჩაბარებულად ითვლება მას შემდეგ, რაც ჯარიმას ჩაიბარებს ავტომფლობელი, ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი. ჯარიმა ჩაბარებაზე მათი უარის შემთხვევაშიც ჩაბარებულად ითვლება," - განაცხადა AMBEBI.GE-სთან საუბრისას კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლევან ტაბიძემ.

მისივე თქმით, SMS ან სატელეფონო ზარი ჯარიმების შესახებ არის მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების საშუალება მძღოლისთვის. "თუ თქვენ მიიღეთ მოკლე ტექსტური შეტყობინება, ან - დაგირეკეს, ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ ჯარიმა ჩაიბარეთ," - განმარტავს ტაბიძე.

მისივე თქმით, კურიერი მხოლოდ იმ შემთხვევაში ტოვებს შეტყობინებას, რომ ადამიანის სახელზე გზავნილია ფოსტაში, თუ ავტომფლობელთან, ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრთან კომუნიკაცია ვერ შედგება.

იმ შემთხვევაში კი, თუ ავტომფლობელი უარს იტყვის ჯარიმების ჩაბარებაზე, ის მაინც ჩაბარებულად ჩაითვლება და დაიწყება 30 დღიანი ვადის ათვლა, რომლის განმავლობაშიც მძღოლმა ჯარიმის საფასური უნდა გადაიხადოს.

"თუ ჯარიმის საფასურს არ იხდის მოქალაქე, მას ეკისრება საურავი და იწყება ახალი 30 დღიანი ვადის ათვლა ჯარიმისა და საურავის გადასახდელად. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ კი, თუ მძღოლი კვლავ არ გადაიხდის საჭირო თანხას, საქმე გადაეცემა აღსრულების ეროვნულ ბიუროს," - განმარტავს ტაბიძე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი