ხუთშაბათს, 21 დეკემბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (კანდელაკის 7) გაიმართება ელის დოჯსონის რომანის, "რაფლეზიას" წარდგენა. რომანი დიდი ლიტერატურული კონკურსის, "გახდი ბესტსელერის ავტორის", გამარჯვებული, ჟიურის წევრების ფავორიტი გახდა. ღონისძიების ფარგლებში ასევე შეჯამდება და დაიხურება ლიტერატურული კონკურსი.
წიგნს წარადგენენ: თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი დათო ტურაშვილი, კონკურსის ჟიურის წევრები და ლიტერატორები - ლევან ბერძენიშვილი, რამაზ ჭილაია, ივანე ამირხანაშვილი, PR სპეციალისტი მარიკა დარჩია.
აღსანიშნავია, რომ წიგნის ყდაზე რუსუდან ფეტვიაშვილმა იმუშავა.
ანოტაცია: ამქვეყნად ყველაზე დიდი და ლამაზი ყვავილია რაფლეზია, მაგრამ მისი სილამაზით დატკბობა შორიდან ჯობს, რადგან შხამიანია. რაფლეზია პარაზიტია, სხვა მცენარეების ხარჯზე ხარობს და... გვამის სუნი ასდის... ოცწლიანი თანაცხოვრების შემდეგ სიყვარული გაქრა. ოდესღაც სასურველი ქალის თითოეული ჟესტიც კი აღიზიანებს, ოჯახური ცხოვრება აუტანელ რუტინად ექცა და მიხვდა, რომ არიან სიამის ტყუპივით, თითქოს ერთი მოკვდა და მეორე ზიდავს ამ მძორს... სწორედ ამ დროს სულზე მოუსწრო მივლინებამ მაროკოში, სადაც თურმე სიყვარული ელოდა, მარაქეშის მზის სხივებივით მწველი და თავბრუდამხვევი სიყვარული. ანდამატივით მიმზიდველია ანალიზა, მზეზე მოხალული კანით, ლურჯთვალა და ცეცხლოვანი... მის გვერდით ხელახლა დაიბადა და ახალი ცხოვრებისთვის ემზადება - ანალიზას ვეღარაფერი დააშორებს! მაგრამ... რა შეიძლება მოიტანოს რწმენამ, რომელიც, წესით, სიყვარულსა და კაცთმოყვარეობას უნდა ქადაგებდეს, და რა შუაშია რაფლეზია - თვალწარმტაცი ყვავილი, რომელსაც გვამის სუნი ასდის... წიგნში მოთხრობილი სულისშემძვრელი ამბავია პასუხი ამ კითხვებზე.
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/2023503677933613/