პრეზიდენტის სასახლეში, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისათვის საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერის სახელით ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.
პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და საქართველოს პრემიერთან გიორგი კვირიკაშვილთან ერთად, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის თანამოსაყდრეს მიტროპოლიტ შიოს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ეროვნული ბანკის, ეროვნული უშიშროების საბჭოს, სემეკის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და დედაქალაქის მერს უმასპინძლა.
ერთობლივი საახალწლო მიღების დაწყებამდე, საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს საექსპოზიციო დერეფანი - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ" დაათვალიერებინა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.