ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლის ივანე გოლაშვილის ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცა.
ნაძალადევის რაიონში მდებარე კეთილმოწყობილი, საჭირო ავეჯით და ტექნიკით აღჭურვილი ბინა ივანე გოლაშვილის ოჯახს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა პირადად გადასცა და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. საცხოვრებელი ბინა ფონდმა "ქართუმ" შეიძინა.
გარდაცვლილი სპეცრაზმელის ოჯახს სახელმწიფო ერთჯერადად 100000 ლარით დაეხმარა, ხოლო ყოველთვიურად 1000 ლარი გადაეცემა.
ცნობილია, რომ თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე სპეცოპერაცია 21 ნოემბერს ღამის 10 საათისთვის დაიწყო და 22 ნოემბერს დაახლოებით 17:30 საათზე დასრულდა. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული იქნა 1 პირი, ხოლო 3 პირი - ლიკვიდირებული. მათ შორის ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. სუს-ის ინფორმაციით, ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.
წაიკითხეთ: "სპეცოპერაციისას ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა" - სუს-ი სპეცოპერაციის დეტალებს ასაჯაროვებს