თურქეთსა და რუსეთს შორის დადებული სამხედრო შეთანხმების ფარგლებში, რომელიც თურქეთის მიერ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 -ის შესყიდვას გულისხმობს, შესაძლოა, თურქეთში რუსული სამხედრო ბაზა განლაგდეს.
როგორც რამდენიმე ხნის წინ, Ростеха–ს უფროსმა სერგეი ჩემეზოვმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი თურქეთში დამონტაჟდება, ანკარასთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდება.
შეთანხმების თანახმად, სანამ რუსეთი თურქეთს С-400–ებს გადასცემს, შესაძლოა მას თავისი სამხედროებისთვის ბაზა მოსთხოვოს. ამის შესახებ გამოცემა Haberturk წერს.
გამოცემის ინფორმაციით, რუსეთი დაინტერესებულია, რომ ყირიმი–შავი ზღვა–თურქეთი–სირიას საჰაერო სივრცის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს და ასევე გაძლიერდეს მისი გავლენა და სტრატეგია ახლო აღმოსავლეთში.
აქედან გამომდინარე, ის მზად არის თურქეთს С-400 დივიზიონი გადასცეს, ოღონდ კომპლექსის განლაგების ადგილზე, რუსეთის სამხედროები უნდა განთავსდნენ. მათი იქ ყოფნის საჭირო ვადები და დეტალები შეთანხმების მიხედვით გაიწერება.
თურქეთი С-400-ის საშუალებით, შეეცდება ამერიკისა და სირიის თავდაცვითი ჯგუფების მეთაურობით მიმდინარე ოპერაციები აღკვეთოს, რომელსაც "ამერიკა ჰაერიდან ვეღარ დაბლოკავს".
"აღსანიშნავია, რომ თურქული გამოცემები С-400-ის რეალიზაციასთან დკავშირებით, მოსალოდნელი სამხედრო-პოლიტიკური პროცესების პროგნოზირებას ცდილობენ, თუმცა, ეს არც ისე ადვილია... "- წერს გამოცემა Haberturk.
საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის რეალიზაციის საკითხი პრაქტიკულად ბოლო სტადიაშია. არც ისე დიდი ხნის წინ, მხარეებმა ფინანსური საკითხებიც გაიარეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, პირველ დივიზიონს ის 2019 წლისთვის ელოდება.
რაც შეეხება, Haberturk-ის ინფორმაციას, თურქეთში რუსული სამხედრო ბაზის განლაგებასთან დაკავირებით, გამოცემა წერს, რომ ეს ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. თუნდაც იმიტომ, რომ თურქეთი ნატოს წევრ ქვეყნად რჩება და ამერიკასა და ევროპასთან გართულებული ურთიერთობის მიუხედავად, ის ალიანსიდან გამოსვლას არ აპირებს.
"რუსეთის სამხედრო ბაზა თურქეთის ტერიტორიაზე და ევროატლანტიკურ ალიანსში მისი წევრობა არავითარ ლოგიკაში არ ჯდება..."- წერს გამოცემა.
მისივე ინფორმაციით, თურქეთს, სირიასთან და ქურთისტანის საკითხთან დაკავშირებით, ამერიკასთან გარკვეული პრეტენზიები აქვს, თუმცა, ეს მის "იატაკქვეშა გადაწყვეტილიბებს" არ ამართლებს...
რუსეთთან დიდი სამხედრო შეთანხმების საკითხმა ამერიკა გააღიზიანა, თუმცა თურქეთის ტერიტორიაზე რუსული ბაზები ამერიკა-თურქეთის დაძაბულობას სხვა ფაზაში გადაიყვანს, რომელსაც ნატოს ახლო აღმოსავლეთის ფლანგი უახლოეს ხანებში ვერ მოაგვარებს.
გავრცელებულ ინფორმაციას მაშინვე გამოეხმაურა რუსული მედია და თურქი სამხედრო ექსპრეტების შეფასებებში "ამერიკის კვალი" დაინახა. მათივე თქმით, "Haberturk და მისი იდეის გამზიარებელი მედია, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ფარგლებში, თურქეთში გამწესებულ რუს სამხედრო სპეციალისტებსა და რუსულ სამხედრო ბაზას ერთმანეთში ურევს".
ლალი პაპასკირი