სტალინის აგარაკი, რესტორანი "დიოსკურია"... - ვის დარჩება აფხაზეთში უპატრონოდ მიტოვებული ცნობილი შენობები

სტალინის აგარაკი, რესტორანი "დიოსკურია"... - ვის დარჩება აფხაზეთში უპატრონოდ მიტოვებული ცნობილი შენობები

აფხაზეთში მერამდენედ ცდილობენ უძრავი ქონების პრივატიზაციას. კომპანიები და ადგილობრივები, რომელთა სახელებსაც აფხაზური მხარე არ აკონკრეტებს, რამდენიმე ობიექტის შეძენით დაინტერესდნენ. ახლა საუბარია გაყიდვისა და იჯარით გადაცემის  პირობებზე, რომლის დეტალებზეც "სახელმწიფო კომიტეტი" მუშაობს... 

"სოხუმში მდებარე სასტუმრო "აფხაზეთი" ჯერ კიდევ ათი წლის წინ, ერთ-ერთ რუსულ კომპანიაზე გაიყიდა, თუმცა, მისთვის ხელი დღემდე არავის უხლია...", - წერს აფხაზური მედია და დასძენს, რომ ამ ფორმით იქ უკვე არაერთი ობიექტი "გაიყიდა", თუმცა, ახალი მფლობელები მის აღდგენა-რესტავრაციას არ ჩქარობენ. მიზეზი გაურკვეველია...  

აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა პრესკონფერენცია უძრავი ქონების პრივატიზაციასთან დაკავშირებით, სადაც კომტეტის წევრმა ვახტანგ ფიფიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის დავალებით, უძრავი ქონების მართვის ახალი მოდელი უნდა შეიმუშავონ.

ეს იქნება ვრცელი დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, "სახელმწიფო კომიტეტი" მუშაობას უახლოეს ხანებში შეუდგება. "კომიტეტისთვის მნიშვნელოვან დავალებას წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრების რეესტრისთვის ჩაბარება, რადგან მთელ ქვეყანაში არსებული უძრავი ქონების მხოლოდ 10%-ია იურიდიულად გაფორმებული", - წერს აფხაზური მედია, თუმცა, მიზეზს, თუ რამ გამოიწვია დანარჩენი უძრავი ქონების "ჰაერში ყოფნა", არ განმარტავს.

ვახტანგ ფიფია პრივატიზაციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "მიმდინარე წელს, მთლიანობაში, სულ 183 მილიონი რუბლის ოდენობის ობიექტების პრივატიზება მოხდა და ყველა ფირმა, ვინც ისინი შეისყიდა, კერძო მესაკუთრეა... საბედნიეროდ, ყველა მათგანი ჩვენი რესპუბლიკის მკვიდრია. ჩვენ ვცდილობთ, კერძო მესაკუთრეების კატეგორია შევქმნათ, რაც სწორად მიმაჩნია..."

ფიფია წუხს, რომ რესპუბლიკაში, აუქციონის გამართვა, ჯერჯერობით, ვერ ხერხდება. "ჩვენ ერთი აუქციონისტიც არ გვყავს, რომელიც მის წარმართვას შეძლებს...", - ამბობს ფიფია. აფხაზი ჟურნალისტი ამ თემას ირონიით ეხმიანება და წერს, რომ "ცოცხალი" აქციონისტი აფხაზეთის დრამატულ თეატრში, ჯერ კიდევ ქართულ-აფხაზური ომის დაწყებამდე ნახეს...

"არის კიდევ ერთი, საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტი - აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ, რაც ჩვენთვის საფრთხის შემცველია...",- აცხადებს ფიფია.

სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილის, მიხეილ ლადარიას თქმით, "აუქციონის ჩატარების შესაძლებლობის არქონის გარდა, პრივატიზაციის კიდევ ერთი ხელისშემშლელი ფაქტორი არის კონკურსი... ყოველი შემთხვევისთვის, სამ ობიექტზე, - მაღაზიაზე, საკონდიტრო ფაბრიკასა და მის საწყობზე საცდელი კონკურსი ჩავატარეთ. შევეცადეთ, ყველა პირობა დაგვეცვა, რომელსაც კანონი გვავალდებულებდა და განაცხადის შემოტანის ვადაც გამოვაცხადეთ. თუმცა, მხოლოდ ერთი განაცხადი შემოვიდა... იძულებული გავხდით, კონკურსი ჩაშლილად გამოგვეცხადებინა, რადგან ლოგიკურად, კონკურსისთვის, თუნდაც ორი განაცხადი მაინც იყო საჭირო..." - ამბობს ლადარია.

"სახელმწიფოს კომიტეტის" ხელმძღვანელის მოადგილე "სახელმწიფო საკუთრებისა და პრივატიზაციის" საკითხებში, ნიკოლაი აჩბა აცხადებს, რომ კანონის გათვალისწინებით, უძრავი ქონების შეფასების უფლება მხოლოდ დამოუკიდებელ კომპანიებს აქვთ. რესპუბლიკაში მხოლოდ 9 კომპანიაა, რომელსაც "ლიცენზია" აქვს.

თუ მყიდველები და მოიჯარეები თავიანთ ვალდებულებას არ შეასრულებენ, "სახელმწიფო კომიტეტს" მათ წინააღმდეგ გარკვეული მექანიზმების გამოყენების უფლება ექნება.

ლადარიას თქმით, ობიექტებზე, რომელთაც რესტავრირება ან კაპიტალური აღდგენა სჭირდებათ, საინვესტიციო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის ფარგლებშიც ჩაიდება თანხა და შესრულების ვადები. კომიტეტს საშუალება ექნება ამ პროცესზე გავლენა მოახდინოს.

ვახტანგ ფიფია მიიჩნევს, რომ მათ არაერთი მაგალითი აქვთ, როდესაც ყიდვა-გაყიდვისას "კანონი დაირღვა". თუნდაც, გაგრის რაიონის ყოფილი "დონ-ტაბაკის" შემთხვევა, რომელსაც უკვე გადასახადი დაეკისრა, რადგან მათ ვერ შეძლეს ნაკისრი ვალდებულების შესრულება...

"თუმცა, არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ე.წ. მოლაპარაკება შედგა ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, თუნდაც სოხუმში მდებარე სასტუმრო "აფხაზეთი"... ასეთ შემთხვევებში, როდესაც ისინი ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებენ, ჩვენ უფლება გვექნება, შეთანხმება გავწყვიტოთ.

კიდევ ერთ მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ, გუდაუთის აგურის ქარხანა, რომელთანაც სასამართლოს საშუალებით გავწყვიტეთ შეთანხმება იჯარის შესახებ, რადგან მეპატრონემ პირობის შესრულება ვერ შეძლო... ასევე, გულრიფშის რაიონში, სადაც დაცვის დაყენება შეუძლებელია და შესაბამისად, ისტორიული კულტურის ძეგლები განადგურდა... მოიჯარეს, რომელმაც ის ადგილი 8 წლის წინ შეიძინა, არაფერი გაუკეთებია, მეტიც, იქაურობას აგურ-აგურ შლიან...",- აცხადებს ფიფია.

ადგილობრივი ჟურნალისტის კითხვაზე, - "აგურ-აგურ დაშლილ გულრიფშის რაიონის ისტორიულ მემკვიდრეობაში იგულისხმება თუ არა, Холодная речка, სტალინის აგარაკი, რომელიც 2010 წელს გაიყიდა, ფიფიას თქმით, იმ ფირმასთან შეთანხმების მერე, მომდევნო გადახდების გეგმაც შედგა, - საუბარი იყო 56 მილიონ დოლარზე, რომელიც მათ წლის ბოლომდე უნდა გადაეხადათ. 

ფიფიას თქმით, რესტორანი "ამრა" "სახელმწიფო" საკუთრებაში რჩება, ის პრივატიზებული არ არის და შესაბამისად, მასზე საუბარი არც არის...

"რაც შეეხება რესტორან "დიოსკურიას", ის თითქმის დაშლილია და იმ ადგილას არც უნდა იყოს... ის ადგილი აფხაზეთის მოქალაქის საკუთრებაშია და ის უნდა დავტოვოთ, როგორც კულტურული მემკვიდრეობა... სოხუმის რკინიგზის სადგური კი, "აფხაზეთის რკინიგზის სადგურს" წარმოადგენს...", - აცხადებს ფიფია.

აფხაზური მხარის განხილვებში, ასევე საუბარი იყო რუსეთის სამხედრო სანატორიუმზე, რომელმაც ფუნქციონირება 7 წლის წინ შეწყვიტა და მას შემდეგ, დრო და დრო რუსეთიდან ჩამოდიოდა კომისია, რომელიც იქ არსებულ ვითარებას სწავლობდა, თუმცა, არაფერი იცვლებოდა...

"კარგად მახსოვს, ეს იყო 2011 წლის აპრილი, მას შემდეგ ის რუსი სამხედროები არავის უნახავს, ჩვენ კი, სახელმწიფო, მას დღემდე ვიცავთ... სიმართლე გითხრათ, ყოველთვიური თანხა, რომელსაც ჩვენ მის დაცვაში შესაბამის სამსახურს ვუხდით, დაახლოებით 700 ათასი რუბლია... მას 50-მდე ადამიანი იცავს. ამისთვის, 2018 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 9,5 მილიონი რუბლი," - განუცხადა ფიფიამ ადგილობრივ ჟურნალისტებს.

ცხადია, ადგილობრივი მედიისთვისაც საეჭვოა გეგმები, რომლის "კანონიერ" შესრულებაზეც აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფოს კომიტეტის წევრებმა ასე "გახსნილად" ისაუბრეს. მით უფრო, რომ ყველასთვის ცნობილია ბიზნესის კეთების იქაური მეთოდები, - დიდი ალბათობით, ფიფიასა და მისი კოლეგების მიერ ძალზე ზოგადად მოხსენიებული კომპანიების უკან, ე.წ კანონიერი ქურდები დგანან.

"აფხაზეთის სასაფლაოებზე თუ გაივლით და სასახლეებს შენიშნავთ, ეს შეგიძლიათ ერთგვარ "რუკად" გამოიყენოთ, - სად, რომელ ქალაქში რამდენი "სული ქურდი" ცხოვრობს. ეს ერთგვარი ცხრილივით არის, - რაც მეტი დიდებული საფლავ-სასახლეა, მით მეტი "ავტორიტეტი" ცხოვრობდა, ან ცხოვრობს იმ ქალაქში. ჰოდა, იქ, სადაც მათ ამდენი გავლენა აქვთ, რა გასაკვირია, რომ ასეთი, უპატრონოდ დარჩენილი ძეგლების "მეურვეობაც" იკისრონ - გარკვეული პირობებით", – წერენ აფხაზები.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე