კომპანია "სიტროენ ჯორჯიას" გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა.
მისი განმარტებით, ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი და სურს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეცნოს მას.
"ჩვენ გადავეცით პრემიერს სრული დოკუმენტაციის პაკეტი, რომ ის გაეცნოს სრულ დოკუმენტაციას, რომელიც უკვე წარდგენილი გვაქვს კონკურენციის სააგენტოსა და სასამართლოში", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ შპს "სიტროენ ჯორჯიამ" გუშინ განცხადება გაავრცელა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "სიტროენ ჯორჯიადან" აცნობეს, კომპანიამ 2017 წლის 12 დეკემბერს სსიპ კონკურენციის სააგენტოს წარუდგინა საჩივარი შპს "კია მოტორს ჯორჯიას", სს "ფრანს ავტოს", შპს "იბერია ავტოს", შპს "ჯი-თი მოტორსის", შპს "სტრადა მოტორსის", სს "ჰიუნდაი ავტო საქართველოს" წინააღმდეგ.
"2016-2017 წლებში მსუბუქი და მიკროავტობუსის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოცხადებული 127 ტენდერიდან 57 ტენდერი ჩატარებულია კონკურენციის გარეშე ერთი პრეტენდენტის, ზემოაღნიშნული კომპანიებიდან ერთ-ერთის მონაწილეობით. ხოლო თანხობრივად კონკურენციის გარეშე ჩატარებული ტენდერები არის 20 897 585 ლარის ღირებულების. მხოლოდ 7 735 765 ლარის ღირებულების ტენდერებში ჰქონდა ადგილი კონკურენციას. რაც ნიშნავს იმას რომ, თანხობრივად ტენდერების 70% ჩატარდა კონკურენციის გარეშე და შესყიდვების მთელი საბიუჯეტო სახსრები განაწილდა ამ რამდენიმე კომპანიაზე. "სიტროენ ჯორჯიას" ტენდერებში მონაწილეობის შედეგად გამოცხადებული ფასი ავტოსატრასპორტო საშუალებებზე დაახლოებით, 20%-ით ნაკლებია, ვიდრე ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ შეთავაზებული ფასი. შესაბამისად, ბიუჯეტმა ზემოაღნიშნული კარტელური შეთანხმების შედეგად დაკარგა არაერთი მილიონი ლარი", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შესყიდვების სააგენტოსთან დაკავშირებულ საბჭოში წარდგენილი "სიტროენ ჯორჯიას" 8 საჩივარი, რომელიც საბჭომ დააკმაყოფილა, არ იყო გაზიარებული შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან.
"შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან უსაფუძვლო შექმნილმა ბარიერებმა, (მაგალითად, მას შემდეგ რაც "სიტროენ ჯორჯია" დაუმსახურებლად შეიყვანეს შავ სიაში, რაც ნიშნავს ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას, გამოცხადდა 2 ტენდერი საერთო ღირებულებით 11704802 ლარი. ტენდერში უკონკურენციოდ "იბერია ბიზნეს ჯგუფმა" ყოველგვარი ფასის კლების გარეშე გაიმარჯვა, რაც შეადგენს მთელი ბიუჯეტის 60%-ს. საინტერესოა რატომ არ მიიღეს ტენდერებში მონაწილეობა ბაზარზე წარმოდგენილმა სხვა კომპანიებმა?) გამოიწვია, "სიტროენ ჯორჯიას" საქართველოში "სიტროენის" ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელის, პარტნიორის მხრიდან იმპორტისა და დისტრიბუციის შესახებ ხელშეკრულების შეჩერება. ჩვენი შეფასებით ამის ძირითადი მიზეზი იყო, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. შედეგად "სიტროენ ჯორჯიამ" ვერ შესძლო რიგი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება", - ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ყველა ეს ინფორმაცია მოძიებულია შეყიდვების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან www.spa.ge.
ამასთან, განცხადების თანახმად, "სიტროენ ჯორჯიამ" ასევე 2017 წლის 11 აგვისტოს მიმართა სასამართლოს საქართველოს ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ ტენდერიდან უკანონოდ დისკვალიფიკაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით. არსებული მდგომარეობით მიმდინარეობს საქმის წარმოება სასამართლოში.