თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მტკვარზე უკანონო მშენებლობები დაფიქსირდა. კალაძემ ზედამხედველობის სამსახურს დაავალა, აღკვეთონ ასეთი მშენებლობები.
"მტკვარზე დაფიქსირდა უკანონო მშენებლობები. თქვენც თუ გახვალთ, დაინახავთ, რომ ძალიან ცუდი რამ ხდება. ყოველგვარი კანონის დარღვევით მიმდინარეობს გარკვეული გაუგებარი მშენებლობები. მე ვიცი, რომ ცვლილებების პროექტი მომზადებულია, რომლის დასამტკიცებლად საქართველოს მთავრობასთან ერთად უნდა მოხდეს ამ ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობა კრძალავს ნებისმიერი ტიპის, მათ შორის დროებითი და მსუბუქი კონსტრუქციების უნებართვო მშენებლობას, მგონია, რომ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება აუცილებელია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად შესაძლებელია ამის გაკეთება. ვიცი, რომ ზედამხედველობის სამსახური იყო მისული ერთ კონკრეტულ ობიექტზე, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს მშენებლობას. მივეცით გარკვეული ვადები, რომ თვითონვე დაშალონ შენობა-ნაგებობა, ეს უსახური შენობა, თუ არადა, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში", - განაცხადა კალაძემ.