ჩვენს ქვეყანაში რითეილ ბაზარი იმ მცირე ბაზართა ჩამონათვალშია, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა გაჩაღებული.
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები, რომლებიც აგრესიული მარკეტინგიდან დაწყებული, ურბანული განლაგებით დამთავრებული, ყველა კომპონენტში მძაფრ კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნულ კონკურენციას ყველა კომპანია ვერ უძლებს და ბოლო პერიოდში, არაერთმა კომპანიამ დატოვა ბაზარი, ბევრმაც სავაჭრო ობიექტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შეამცირა.
ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ქეისი კომპანია "იოლისა" და "პოპულის" ბაზრიდან გასვლა იყო. აღნიშნულ კომპანიებს ფინანსური პრობლემები 2013 წელს შეექმნათ, კომპანიის მაშინდელი მეპატრონე სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს და მას ბრალად სხვისი ქონების მითვისება წაუყენეს. ამის შემდეგ "იოლიც" და "პოპულიც" გაიყიდა და ის კომპანია "ფუდმარტის" მფლობელმა არმანდ ფომიჩევიამ 25 მილიონ ლარად შეიძინა.
ამის შემდეგ, ბაზარი ხმაურიანად დატოვა სუპერმარკეტების ქსელმა "ფურშეტმა". ინფორმაცია კომპანიის ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით პირველად 2016 წლის დასაწყისში გავრცელდა, თუმცა იმ პერიოდისთვის უკრაინული სავაჭრო ქსელის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს და განაცხადეს, რომ კომპანიაში მხოლოდ რეორგანზაცია მიმდინარეობდა, რომელიც მალე დასრულდებოდა. 2017 წლიდან "ფურშეტში" მუდმივად შეინიშნებოდა პროდუქციის დეფიციტი, სწორედ აღნიშნულზე დაყრდნობით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომპანიას ამჯერად სადისტრიბუციო კომპანიების დავალიანება ჰქონდა. აღნიშნული ინფორმაცია მალევე დაადასტურეს დისტრიბუტორთა ასოციაციაშიც, სადაც განაცხადეს, რომ სუპერმარკეტთა ქსელს სერიოზული ფინანსური პრობლემები ჰქონდა და რამდენიმე კომპანია სასამართლოშიც უჩიოდა. მალევე "ფურშეტ ჯორჯიამ" თავი გადახდის უუნაროდ ცნო და ბაზრიდან გავიდა.
განაგრძეთ კითხვა