ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი საელჩოების იერუსალიმში გადატანას არ აპირებენ. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მე ვიცი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც, აშშ-ს მსგავსად, საკუთარ საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანენ. მას შეუძლია ასეთი მოლოდინები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეინარჩუნოს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ", - განაცხადა მოგერინიმ.
მისი თქმით, ორსაათიანი შეხვედრის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტად ისრაელსა და პალესტინას შორის მყარი მშვიდობა რჩება.
შეგახსენებთ, რომ 6 დეკემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის ბრძანება გასცა.
ისრაელი იერუსალიმს საკუთარ განუყოფელ დედაქალაქად მიიჩნევს, პალესტინელები კი ცდილობენ ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი საკუთარი მომავალი სახელმწიფოს დედაქალაქად აქციონ.