კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ ხეცურიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის უსამართლობაა, რასაც კალათბურთის ფედერაცია არჩევნებთან დაკავშირებით ახორციელებს.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ ყველა თანამოაზრეს, ჩემ ყველა მეგობარს - ყველას, ვინც გვერდში მედგა წინასაარჩევნო კამპანიის დროს და ვინც იბრძოდა ჩემთან ერთად იმ უსამართლობის წინააღდმეგ, რაც კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან არის და დღევანდელ არჩევნებზე დაფიქსირდება. არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება.
დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს. ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო. სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა ხეცურიანმა.
მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილია ნაკრების წევრებისთვის, ვინც მხარს უჭერდა და ასევე კიდევ ერთი ყოფილი კანდიდატისთვის, კახა შენგელიასთვის, ვინც კანდიდატურა თავის დროზე სწორედ ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა. ხეცურიანმა მომავალ პრეზიდენტს წარმატებები უსურვა.
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი პაატა გურასპაული, გამგეობის გადაწყვეტილებაში დელეგატებთან მიმართებაში რაიმე უსამართლობას ვერ ხედავს.
მან შიო ხეცურიანის მიერ საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება შეაფასა. "მე არ ვთვლი, რომ ეს არის უსამართლობა. თქვენ რომ გადაავლოთ თვალი გამგეობის წევრებს და შემადგენლობას, მათ პატიოსნებასა და კვალიფიკაციაში ეჭვი არ შეგეპარებათ. მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ", - განაცხადა გურასპაულმა.
მისივე თქმით, საზოგადოება ხეცურიანის გადაწყვეტილებას პატივისცემით უნდა მოეკიდოს, რადგან ყველა ადამიანის უფლებაა, გარკვეული გადაწყვეტილებები მიიღონ.
"ჩემთვისაც უფრო კარგი იქნებოდა, რომ არჩევნები ჩატარებულიყო არა მხოლოდ ერთ კანდიდატთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ ყველა იმ ადამიანს, რომელიც არ მოიაზრება ჩემს მხარეს, კალათბურთის სიკეთე უნდა და ერთად გავაკეთებთ იმ საქმეს, რასაც ქართული კალათბურთის პროგრესი ჰქვია", - განაცხადა გურასპაულმა და აღნიშნა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ხეცურიანთან თანამშრომლობისთვის მზადაა.
არჩევნები დღეს იმართება. ყრილობა და არჩევნები სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", 13:00 საათიდან დაიწყება. ხეცურიანის ამ გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი პაატა გურასპაული იქნება.