ფლორენციაში სიმონეტა ვესპუჩის, ლა ბელა სიმონეტას, ანუ მშვენიერ სიმონეტას ეძახდნენ. იგი, უბრალოდ, ლამაზ ქალზე გაცილებით მეტი იყო და, ალბათ, ამიტომაც იქცა რენესანსის ეპოქის ქალის სილამაზის სიმბოლოდაც - სწორედ ოქროსფერთმიანი, გრაციოზული სიმონეტაა გამოსახული სანდრო ბოტიჩელის სახელგანთქმულ ნახატზე "ვენუსის დაბადება". გარდა ამ შედევრისა, ბოტიჩელის მადონები, ვენუსები და სხვადასხვა ალეგორიული ნახატი მხატვარს სწორედ ამ ქალმა შთააგონა. სიმონეტა, ალბათ, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ თავისი სილამაზით ხელოვნებაზე ასეთ ზეგავლენას მოახდენდა.
სიმონეტას თითქმის ყველა ფლორენციელი მამაკაცი ეტრფოდა, მათ შორის, ფლორენციის მმართველი მედიჩების ოჯახის წარმომადგენლები, ძმები ლორენცო და ჯულიანო. თუმცა ქალმა არჩევანი შეაჩერა რომანტიკულ ჯულიანოზე, რომელიც ყველაფერს აკეთებდა საოცნებო სიმონეტას მოსახიბლად - მუდამ თან დაატარებდა ბოტიჩელის დახატულ სიმონეტას პორტრეტსაც, რომელსაც უკანა მხარეს ფრანგული წარწერა ჰქონდა: "შეუდარებელი". ჯულიანო და სიმონეტა ბოტიჩელის სურათებზე ერთადაც კი არიან გამოსახული.
სანდრო ბოტიჩელიმ სიმონეტა ჭაბუკობისას ნახა და ქალის მშვენიერებამ ისე მონუსხა, აღარასოდეს დავიწყებია. არც ცოლის შერთვაზე უფიქრია ოდესმე და როგორც მის ჩანაწერებში ვკითხულობთ, შეგუებული იყო აზრს, რომ ტყავის მთრიმლავის შვილი ვერასოდეს გაეჯიბრებოდა მედიჩებს სასურველი ქალის მოპოვებაში.
ჯულიანო მედიჩიმ საყვარელი ქალის პატივსაცემად ფლორენციაში კარნავალიც გამართა. მას მარგალიტებით შემკული ვერცხლისფერი კოსტიუმი ეცვა და გვერდით საყვარელი სიმონეტა ედგა - წყვილზე მშვენიერი იქ არავინ იყო, თუმცა კარნავალი სიმონეტასთვის საბედისწერო აღმოჩნდა, რამდენიმე დღეში ის ავად გახდა. მაშინ სულ რაღაც 23 წლისა იყო. ქალის ავადმყოფობამ მთელი ფლორენცია შეძრა, სიმონეტას დიდხანს არ უავადმყოფია, მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი ერთი ცნობით ტუბერკულოზი გახდა, თუმცა არსებობს ვერსიაც, რომ კარნავალზე ჯულიანოსა და სიმონეტას ერთად გამოჩენის შემდეგ, მედიჩების ოჯახმა ქალი მოწამლა. სიმონეტა მთელმა ფლორენციამ დაიტირა. არც ჯულიანოს უცოცხლია დიდხანს, რამდენიმე თვის შემდეგ, ტაძარში მესის დროს, საკურთხეველთან დაქირავებულმა მკვლელმა მოკლა. სიმონეტას გარდაცვალებამ დაღი დაასვა ბოტიჩელის ცხოვრებასაც, ის მხოლოდ სიმონეტას პორტრეტების შექმნაზე თანხმდებოდა და უარს ამბობდა კერძო შეკვეთებზე. "ვენუსის დაბადებაც" ბოტიჩელიმ სიმონეტას გარდაცვალებიდან 9 წლის შემდეგ დახატა. მეტიც, სიკვდილის წინ ბოტიჩელიმ ანდერძი დაწერა, სადაც სიმონეტას ფეხებთან დაკრძალვას ითხოვდა...
დღეს "ვენუსის დაბადება" ფლორენციაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ უფიცის მუზეუმში ინახება და იდეალურად შესრულებულ ფერწერულ ტილოზე სიმონეტას სილამაზე დამთვალიერებლებზე წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს.
ბოტიჩელის "ვენუსის დაბადების" ეს მოკლე რაკურსი მცირე ნაწილია "პალიტრა L"-ის უნიკალური სერიის "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმების" მეორე ტომიდან, რომელიც მკითხველთან შესახვედრად ემზადება. "მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმები" იტალიური გამომცემლობა "სკალასა" და ცნობილი ხელოვნებათმცოდნის, ფილიპ დავერიოს ერთობლივი პროექტია, რომელიც "პალიტრა LL"-მა ქართულად თარგმნა. მკითხველს უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, გაცნობოდა პარიზის ლუვრის მუზეუმს სერიის პირველ ტომში. 11 დეკემბერს "კვირის პალიტრის" მკითხველს შეუძლია გაზეთთან ერთად შეიძინოს მეორე ტომი, რომელიც ფლორენციის მუზეუმს - უფიცის გალერეას გაგაცნობთ.
ნინო ხუნდაძე, ხელოვნებათმცოდნე: "- უფიცის მუზეუმში კულტურის ფასდაუდებელი მემკვიდრეობაა თავმოყრილი. აქ რენესანსის ეპოქის შედევრები ხელშესახები ხდება. რაც მთავარია, "პალიტრა L"-ი აბსოლუტურად გასაგებად, ყველა თაობისთვის საინტერესოდ გადმოგვცემს ამ მუზეუმში დაცული ექსპონატების შესახებ ინფორმაციას, რომელსაც ინტერნეტში ვერ ამოიკითხავთ, ამასთან, წარმოდგენილია ხელოვნებათმცოდნეების ანალიზი ცალკეული ექსპონატების შესახებ, რაც შედევრების სწორად აღქმაში დაგეხმარებათ.
1537 წელს პაპ კლიმენტი VII-ის უკანონო ვაჟი, ჰერცოგი ალესანდრო მედიჩი მოკლეს. მედიჩების მომხრეები თითქოს გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რადგან პირდაპირი მემკვიდრე აღარ ჰყავდათ და გადაწყვიტეს ფლორენციის მმართველად მათი მოგვარე დაენიშნათ, რომლის მართვასაც ადვილად შეძლებდნენ. ასეთი აღმოჩნდა კოზიმო მედიჩი, რომელსაც გვარის გარდა საერთო არაფერი ჰქონდა სახელოვან წინაპრებთან, გაუნათლებელი კაცი იყო. მალე მოვლენები მედიჩებისთვის მოულოდნელი სცენარით წარიმართა - 17 წლის კოზიმო მედიჩიმ უარი თქვა მათი ბრძანებების შესრულებაზე და ფლორენციის განვითარების ახალი ეტაპი სწორედ აქედან დაიწყო. კოზიმო მედიჩიმ იმ დროისთვის დაზიანებული "დავითი" და ასევე, სამხატვრო აკადემია აღადგინა, რითაც მოკავშირეები გაიჩინა ჰერცოგის კარზე, მოგვიანებით კი, ძალაუფლების განსამტკიცებლად ესპანეთის პრინცესაზე დაქორწინდა. მას შემდეგ, რაც კოზიმო მედიჩი დარწმუნდა, რომ ჰერცოგი მედიჩები მის მოკვლას ვეღარ გაბედავდნენ, 1559 წელს უფიცის სასახლე ააშენა, სადაც სამოქალაქო სამსახური განათავსა. 1575 წელს კი უფიცის შენობაში მუზეუმის ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც, ძირითადად, მედიჩების საოჯახო კოლექციით დაკომპლექტდა.
შეგახსენებთ, რომ წიგნი 11 დეკემბერიდან გამოვიდა და ერთი კვირის მანძილზე გაზეთ კვირის პალიტრასთან ერთად გაიყიდება. მისი ფასი 15 ლარია.
რუსუდან შელია