აშშ-ში, ქალაქ ალბაქურქიში პოლიციის ოფიცერმა რაიან ჰოილეტსმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შენიშნა წყვილი, რომელიც ბეტონის კედელთან, ბალახზე იჯდა. ქალი და მამაკაცი ჰეროინს იღებდნენ.
რაიანმა კამერა ჩართო და წყვილს მიუახლოვდა, თუმცა ნანახმა მის მოლოდინს გადააჭარბა, ქალი ორსულად იყო.
"ეს არ არის ისეთი შემთხვევა, რასაც ყოველ დღე შევხვდებით. ნანახმა შემზარა," - ამბობს ჰოილეტსი CNN-თან.
35 წლის კრისტალ ჩემპმა პოლიციელს უთხრა, რომ თითქმის 8 თვის ორსული და ნარკოდამოკიდებული იყო.
"ბავშვს მოკლავ ასე, რატომ აკეთებ ამ საშინელებას?!"-ისმის რაიანის ხმა მისივე კამერით გადაღებულ კადრებში.
პოლიციელის ნათქვამმა ჩემპზე ძალიან იმოქმედა და ტირილი დაიწყო. ჩანაწერის მიხედვით, პოლიციელი და ორსული ქალი დაახლოებით 11 წუთის განმავლობაში საუბრობდნენ. ჩემპმა რაიანს უთხრა, რომ ძალიან დიდი იმედი აქვს, მის ბავშვს ვინმე იშვილებს და ნორმალურ ოჯახში გაზრდის საშუალებას მისცემს.
ჩემპი უკვე 2 წელია, უსახლკაროა და კარავში ცხოვრობს. ის მოზარდობის ასაკიდან ჰეროინზეა დამოკიდებული. კრისტალმა რამდენჯერმე სცადა, გათავისუფლებულიყო ნარკოტიკული საშუალებებისგან, თუმცა ვერ შეძლო.
"საბოლოოდ, დავნებდი. გადავწყვიტე, რომ ეს არის ჩემი ცხოვრება და შევეგუო," - ამბობს ჩემპი.
მისივე თქმით, პოლიციელთან საუბრისას მიხვდა, რომ არა ოფიცერს, არამედ კეთილ ადამიანს ესაუბრებოდა.
რაიანმა კრისტალს ცოლისა და ოთხი შვილის ფოტო აჩვენა, მათგან ყველაზე უმცროსი 10 თვის ბავშვია. ზუსტად იმავე წამს ჩემპს უთხრა, რომ მზად იყო, მისი ბავშვი ეშვილებინა.
"ეს შანსი ღმერთმა მომცა. ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს. სხვა ახსნა ამას არ აქვს," - განაცხადა რაიანმა.
პოლიციელის გადაწყვეტილება დიდი სიხარულით მიიღო მისმა ცოლმაც. რებეკამ და რაიანმა კრისტალის პატარა გოგონას ჰოუპი დაარქვეს. მშობიარობას პოლიციელი თავად ესწრებოდა.
მშობიარობიდან რამდენიმე დღეში კრისტალი საკუთარ შვილს სამუდამოდ დაემშვიდობა და ის რებეკას გადასცა.
ჰოილეტსების თქმით, თავდაპირველად ჰოუპი საკმაოდ სუსტი ბავშვი იყო, მოგვიანებით კი წონაში მატება დაიწყო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუმჯობესდა.