ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისია კიდევ ერთ წევრს დაატოვებინეს. ამის შესახებ განცხადება ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, საერთო ჯამში ხმის დამთვლელი კომისიის 2 წევრი შემჩნეულია იმაში, რომ ისინი ცდილობდნენ დადგენილზე მეტი ბიულეტენის ჩაყრას ყუთში.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ ივანე პეტრიაშვილმა განმარტა, ორივე წევრს ეს ბიულეტენები ჩამოერთვა.
მისივე თქმით, ამ საკითხზე კომისიამ იმსჯელა და კომისიის წევრების ტერიტორიიდან გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო, რადგან არჩევნების შედეგები არ დადგეს ეჭვქვეშ და ხმის დათვლის პროცესი იყოს მაღალი ნდობით წარმართული.
თავმჯდომარის განმარტებით, ამ დროისთვის კი ხმის დათვლის პროცედურებს კომისიის სხვა წევრები გააგრძელებენ.
აღსანიშნავია, რომ ხმის დამთვლელ კომისიაში სულ 44 წევრი შედიოდა.
ერთი საათის წინ სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება დაიძაბა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სპორტის სასახლეში სინათლე ჩაქრა.