ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის დამთვლელი კომისიის წევრს სპორტის სასახლის შენობა დაატოვებინეს. ტერიტორიის დატოვებისკენ კომისიის წევრს დიანა მარტიაშვილს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ და რამდენიმე ადვოკატმა მოუწოდა. მათივე განმარტებით, ხმის დამთვლელი კომისიის წევრი დიანა მარტიაშვილი შემჩნეულია "არაკეთილსინდისიერ საქმიანობაში".
როგორც ადვოკატები ამბობენ, ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ მათ დაინახეს, რომ მარტიაშვილი შემოხაზული რამდენიმე ბიულეტენით ცდილობდა ხმის მიცემას, რამაც მათი პროცესტი გამოიწვია.
ამასთან, განმარტება გააკეთა თავად დიანა მარტიაშვილმა და აღნიშნული ბრალდება უარყო.
მისივე თქმით, მას არავითარი შემოხაზული ბიულეტენი არ ეჭირა და კაბინაში ხმის მისაცემად შედიოდა. მიუხედავად ამ განცხადებისა, მარტიაშვილს ტერიტორია მაინც დაატოვებინეს.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა 20.00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის კი ყუთები დალუქულია.
ცოტა ხნის წინ სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობდა, ვითარება დაიძაბა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ სპორტის სასახლეში სინათლე ჩაქრა.