11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. დელეგატებს არჩევანის გაკეთება შიო ხეცურიანსა და პაატა გურასპაულს შორის მოუწევთ. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტად კენჭისყრას კალათბურთის ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელიაც გეგმავდა, მაგრამ მან კანდიდატურა შიო ხეცურიანის სასარგებლოდ მოხსნა.
ყველაზე საინტერესოა, თუ ვინ სურთ პრეზიდენტად საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს - შიო ხეცურიანი თუ პაატა გურასპაული, რომელიც, არსებული ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის მხარდაჭერით სარგებლობს. ერთ-ერთმა პირველმა თავისი პოზიცია ზაზა ფაჩულიამ დააფიქსირა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 4 წელი არ არის ცოტა დრო. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წაიყვან ამ ყველაფერს, რადგან ძალიან კრიტიკულ მომენტშია ქართული კალათბურთი. ეროვნულ ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთ კარგს, სახარბიელოს, რომ სწორ გზაზე მივდივართ. მე პირადად ჩემი აკადემია მაქვს საქართველოში - ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ყველა ასაკში. ამასთან ერთად, რამდენიმე გუნდით გამოვდივართ. აქედან გამომდინარე, გამოცდილებით გეტყვით, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა ქართულ კალათბურთში. ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებელი და ამიტომ საჭიროა სწორი მენეჯერი, რომელსაც აქვს სწორი ხედვები, არის ენერგიული, განათლებული და რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმები.
ამის გარეშე შეიძლება ერთი ან ორი მოთამაშე გაიზარდოს და გაუმართლოს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადრეულ ასაკშივე გავიდეს ქვეყნიდან და დაიწყოს მოღვაწეობა ევროპაში ან ამერიკაში, მაგრამ მასობრიობა არ იქნება. მე აქამდე ვერ ვხედავდი, რომ ფედერაცია ამ გზით მუშაობდა... სამწუხაროდ", - განაცხადა ფაჩულიამ "პირველ არხთან" ინტერვიუში.
თავისი პოზიცია დააფიქსირა საქართველოს ნაკრებისა და მალაგას "უნიკახას" ცენტრმა გიორგი შერმადინმაც.
"მინდა დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოვებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!", - დაწერა შერმადინმა "ფეისბუქზე".
შიო ხეცურიანისადმი მხარდაჭერა გამოხატა გიორგი ცინცაძემაც.
თავისი ფავორიტი ჰყავს საქართველოს ნაკრებისა და "ბასკონიას" ფორვარდ თორნიკე შენგელიასაც.
"მოგესალმებით, დიდი იმედი მქონდა რომ არ მომიწევდა ამ თემაში ჩარევა მაგრამ კალათბურთის მიმართ ჩემი დიდი სიყვარულის და წლების მანძილზე დანახული ბევრი უსამართლობის გამო, თავს უფლება მივეცი გამეკეთებინა ეს განცხადება! როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე ჩატარდება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. იმის შემდეგ რაც კახა შენგელია და შიო ხეცურიანი გაერთიანდნენ, დღეს დღეობით არის წარდგენილი 2 კანდიდატი...
მიუხედავად ჩემი დიდი პატივისცემისა ყველას მიმართ, მინდა ღია მხარდაჭერა გამოვუცხადო შიო ხეცურიანს. ვთვლი რომ იგი დღეს არის ღირსეული კანდიდატი იმისათვის რომ აღორძინდეს კალათბურთი საქართველოში. დიდი იმედი მაქვს რომ, ყველა ერთად დავდგებით და მხარს დავუჭერთ სიმართლეს, რადგან ეს ჩვენ საერთო საქმეს, კალათბურთს ეხება!", - დაწერა "ფეისბუქზე" თორნიკე შენგელიამ.
ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მანუჩარ მარკოიშვილი sportall.ge-სთან ინტერვიუში გამოეხმაურა მოახლოვებულ არჩევნებს:
"როგორც ჩანს, ახალი გუნდი აპირებს კალათბურთის სათავეში მოსვლას, მიუხედავად იმისა, რომ დიდ პატივს ვცემ ბატონ პაატა გურასპაულს, მიმაჩნია, რომ შიო ხეცურიანს განვითარების უკეთესი პროგრამა აქვს და იმ შემთხვევაში თუ გაიმარჯვებს, მჯერა, რომ შეძლებს დასახული მიზნების მიღწევას. თუმცა, ადვილი არ იქნება..." - აღნიშნა მარკოიშვილმა.
კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტის ვინაობა სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა. არჩევნები 11 დეკემბერსაა დაგეგმილი.