უკვე სამი დღეა ქობულეთის სოფელ ბობოყვათიდან გაუჩინარებულ 17 წლის ბიჭს ეძებენ. ოჯახი შემთხვევას ინტერნეტთამაშს უკავშირებს.
ბიჭი სახლიდან 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლაში არ მისულა, ქობულეთში სოფლის "მარშრუტკით" ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
არასრულწლოვანის დის, თეონა დ-ს თქმით, ძმის გაუჩინარების შესახებ ქობულეთის პოლიციის განყოფილებას და აჭარის პროკურატურას გუშინვე შეატყობინეს.
"წუხელ ღამით სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ რუსულ თამაშს "ჩორნი კიტს" ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული.
ერთხელ რუსულად ასეთი პოსტიც დაწერა ფეისბუქზე: "შავი ვეშაპი არ არის უბრალოდ თამაში, ეს სიკვდილი ან სიცოცხლეა, მაპატიეთ ყველამ". ბოლო პოსტზე უწერია, "ბევრი ფიქრობს, რომ მოვა დრო, არადა დრო მხოლოდ მიდის".
როცა ვნახე, ოთახიდან არ გამოდიოდა, საშინელებებს უყურებდა, ვუთხარი, რომ ეს მის ფსიქიკაზე აისახებოდა. მე ყველაფერს ამ თამაშთან ვაკავშირებ. საკუთარი თავის დაზიანება, ისეთი პოსტები აქვს დაწერილი, სწორედ ამ თამაშს ვუკავშირებ...", - აცხადებს გაუჩინარებული ბიჭის და.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.