ბობოყვათში 17 წლის ბიჭს ეძებენ - ოჯახი შემთხვევას ინტერნეტთამაშს უკავშირებს

ბობოყვათში 17 წლის ბიჭს ეძებენ - ოჯახი შემთხვევას ინტერნეტთამაშს უკავშირებს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის ბიჭს ეძებენ. მის გაუჩინარებას ოჯახი ინტერნეტთამაშს უკავშირებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გაუჩინარებული ბიჭის დამ, თეონა დ-მ განუცხადა, მისი ძმა 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, "თუმცა იქამდე არ მისულა, ქალაქში ჩავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს".

თეონა დ-ს თქმით, არასრულწლოვანი ძმის გაუჩინარების შესახებ ქობულეთის პოლიციის განყოფილებას და აჭარის პროკურატურას გუშინვე შეატყობინეს.

იხილეთ ვიდეო: "ისეთი პოსტები ქონდა, შეიძლება თამაშთან იყოს დაკავშირებული"

"7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა არ მისულა. სოფელ ბობოყვათში ვცხოვრობთ, სოფლის "მარშუტკას" ქობულეთში გაყვა, იმის შემდეგ კვალი იკარგება. ტელეფონი გამორთული აქვს. პოლიცია ვერ პოულობს. ნათესავები, მეგობრები ყველა ვეძებთ, თუმცა არავის არ აქვს ინფორმაცია. წუხელ ღამით სოციალურ ქსელში მისი პოსტები დავათვალიერე და ვვარაუდობ, რომ იგი ე.წ რუსულ თამაშს "ჩორნი კიტს" ანუ 50 მისიას თამაშობდა, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა მისიას ასრულებ, ბოლო მისია კი თვითმკვლელობაა. თამაშის თანახმად, ვეშაპები იკლავენ თავს. ასევე კომპიუტერი ლურჯი ვეშაპის ფოტოებით აქვს დატვირთული. მინახავს ისიც, რომ დაუხატავს ლურჯი ვეშაპი. ხელები დაკაწრული ჰქონდა, რის გამოც ვეჩხუბე, ის კი იცინოდა.

ერთხელ რუსულად ასეთი პოსტიც დაწერა: "შავი ვეშაპი არ არის უბრალოდ თამაში, ეს სიკვდილი ან სიცოცხლეა, მაპატიეთ ყველამ". ბოლო პოსტზე უწერია, "დრო მოვა, არა და დრო მიდისო". ერთი თვის წინ რომ ვნახე, ოთახიდან არ გამოდიოდა, საშინელებებს უყურებდა. ვუთხარი, რომ ეს მის ფსიქიკაზე აისახებოდა. ბოლო ფოტო აქვს გადაღებული გზაზე, სადაც ისრის მიმართულება მარცხნივ ინგლისურად მიუთითებს წარწერაზე "ენდ", რაც დასასრულს ნიშნავს. მე ყველაფერს ამ თამაშთან ვაკავშირებ. საკუთარი თავის დაზიანება, ისეთი პოსტები აქვს დაწერილი, სწორედ ამ თამაშს ვუკავშირებ. 6 დეკემბერს ვესაუბრე, სახე ძალიან დაკაწრული ჰქონდა", - აცხადებს გაუჩინარებული ბიჭის და.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში 17 წლის მოზარდის გაუჩინარებასთან დაკავშირებით სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა