წელს თბილისს არა მხოლოდ ყველაზე განსხვავებული, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძემ მოსახლეობას ახალი წლის პერიოდში ქალაქში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თბილისის მერის ინფორმაციით, მთავარი ნაძვის ხე საახალწლო განათებებთან ერთად 15 დეკემბრიდან აინთება.
"დარწმუნებული ვარ, ყველა თბილისელს გაახარებს ის სიახლეები, რომელსაც თბილისის მერია სთავაზობს ჩვენს მოსახლეობას. ახალი წელი ყოველთვის და ყველასთვის ასოცირდება საოცრებებთან, ყველას პატარა ბავშვივით გვიხარია ახალი წლის მოახლოება. წელს თბილისს არა მხოლოდ ყველაზე განსხვავებული ფორმატის, არამედ ყველაზე სახალხო ახალი წელი ექნება. დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს გაიხსნება და ახალი საახალწლო განათებებით ქუჩები გაახარებს ყველას. წელს პირველად მთავარი საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება თბილისის გარეუბნებში. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, სადღესასწაულო კონცერტები გაიმართება დედაქალაქის სამ რაიონში - ეს არის გლდანში, სამგორი და ძველი თბილისი.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საახალწლო კონცერტში წელს მონაწილეობას მიიღებს ძალიან ბევრი მომღერალი. ჩვენ საბოლოოდ უნდა დავანგრიოთ ის სტერეოტიპი, რომ რაღაც გარკვეული პოლიტიკური შეხედეულებების გამო ხდებოდა მომღერლების არჩევა, ან არმოწვევა საახალწლო კონცერტებზე და ეს მავნე პრაქტიკა პირდად ჩემთვის და ჩემი გუნდისთვის არის მიუღებელი. გპირდებით, რომ წელს ძალიან ბევრი თქვენთვის საყვარელი მომღერალი იმღერებს", - განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით მთელი თბილისის მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიებები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა ბიზნეს-კომპანიები.
"სწორედ მათი ჩართულობით სადღესასწაულოდ მოირთვება ბევრი ბაღი და სკვერი. "საქართველოს ბანკთან" ერთად განახლებული აღმაშენებლის გამზირზე დღესასწაულს მოაწყობს 70-მდე სტარტაპერი. "დედა-ენის" ბაღში განთავსდება საახალწლო ქალაქი, სადაც ორი კვირის მანძილზე იქნება საახალწლო ქალაქი. მოეწყობა ატრაქციონების პარკი, ღია კინო-თეატრი, სპორტული ღონისძიებები, საციგურაო მოედანი და ბევრი გასართობი სივრცე გაჩნდება ამ საოცარ ქალაქში.
დედაქალაქში დაგეგმილი საახალწლო კონცერტის რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საახალწლო ღონისძიებებზე მონაწილეების დაბლოკვა პოლიტიკური ნიშნით არ მომხდარა.
როგორც ფოცხიშვილმა ჟურნალისტებს თბილსიის მერიაში განუცხადა, შეთავაზება ყველა მომღერალმა მიიღო, თუმცა მათმა ნაწილმა, უკვე დაგეგმილი ღონისძიებების გამო, დედაქალაქში გასამართ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა.
"ვფიქრობ, ბოლო წლებია პოლიტიკური ნიშნით არ იყო შერჩევა. პოლიტიკა ისეთი რაღაცაა, მიდის-მოდის, იცვლება, ჩვენ, ჩვეულებრივ ადამიანებს, განსაკუთრებით შემოქმედებს, ეს არ გვეხება. აბსოლუტურად ყველას, სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს, მომღერლებს, მოცეკვავეებს, მუსიკოსებს ჩვენ დავუკავშირდით. არ იქნებიან მხოლოდ ისინი, ვისაც უკვე დაგეგმილი ჰქონდა ქალაქიდან გასვლა, ან რაიმე სხვა ღონისძიებაში მონაწილეობს. ძალიან გვინდოდა ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი ყოფილიყო, მაგრამ მაგალითად, ნინი ბადურაშვილი აღმოჩნდა, რომ ბათუმში მიდის. თაკო გაჩეჩილაძეც ასევე სადღაც მიდის. არის რამდენიმე მომღერალი, რომელიც გადის ქალაქგარეთ და ვერ ახერხებს მონაწილეობას. არის ბევრი მომღერალი, რომელმაც გვთხოვა, რომ სხვა ღონისძიებებშიც მონაწილეობს და კონცერტის პროგრამაში, ადრე ან გვიან, ჩავსვათ. ჩვენ ამ ყველაფერს ვითვალისწინებთ", - განაცხადა ბასა ფოცხიშვილმა და დასძინა, რომ როგორც საკონცერტო პროგრამა ასევე, საკონცერტო სცენები განსხვავებული იქნება.
ბასა ჯანიკაშვილის ინფორმაციით, სცენები ცოცხალი ნაძვის ხეებით მოირთვება, რომლებსაც გაზაფხულზე გადარგავენ.
რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, როგორც რეჟისორი განმარტავს, ის მოიცავს ყველა ჟანრს, მათ შორის, ფოლკლორს, პოპს, როკსა და ჯაზს.