ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსში, სადაც ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, საგამოძიებო უწყებებმა მუშაობა დაასრულეს და "თბილსერვის ჯგუფმა" ტერიტორია დაასუფთავა, - ამის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიის ფეისბუქის გვერდზე ვრცელდება.
როგორც ქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნავს, დღეიდან, თბილისის მერიის ლაბორატორია საცხოვრებელ კორპუსს შეამოწმებს და დაადგენს, თუ რამდენად შეესაბამება ის უსაფრთხოების ნორმებს. მისი განცხადებით, თუ დადგინდა, რომ კორპუსი ავარიულია, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი სამუშაოები განხორციელდება. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი, კორპუსის შემოწმების შემდეგ დაიწყება.
"მინდა მადლობა გადავუხადო ისნის რაიონის გამგებელს, კახა ლაბუჩიძეს იმისთვის, რომ ყოველდღიურ რეჟიმში აქვს კომუნიკაცია დაზარალებულ ოჯახებთან. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ თბილისის მერია, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის პრობლემები, რომელიც მათ აწუხებთ, მოწესრიგდეს და ძალიან მალე მოგვარდება. უახლოეს პერიოდში მოვაწესრიგებთ ყველაფერს და კორპუსს პირველადი სახე მიეცემა", - განაცხადა კახა კალაძემ.