კენიელი ქალების ნაწილი „ქვრივების განწმენდის“ რიტუალის წინააღმდეგ გამოდის. ლუოს ეთნიკური ჯგუფების ტრადიციის თანახმად, ქალს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, სხვა მამაკაცთან უნდა ჰქონდეს სექსი. უმეტეს შემთხვევაში, მამაკაცი მათთვის სრულიად უცხოა.
პარტნიორი, რომელიც დაქვრივებულ ქალებს „წმენდს“, ხშირად აივ-დადებითია და თავდაცვის საშუალებას არ ხმარობს.
„ბიბისისთან“ 50 წლის ქალმა, პამელამ, საკუთარ ამბავზე ისაუბრა. ტრადიციის მოწინააღმდეგე ქალებმა „ქვრივების კლუბი“ შექმნეს.
„ლუოს ეთნიკურ ჯგუფებში გადაწყვეტილებების მიმღები ყოველთვის მამაკაცია, წინააღმდეგობის გაწევა არ შეიძლება,“ - ამბობს პამელა.
კენიის ღარიბ სოფლებში "ქვრივების გაწმენდის“ რიტუალი კვლავ ძალიან პოპულარულია. ქალები იძულებული არიან, ქმრის გარდაცვალების შემდეგ ჰქონდეთ სექსი, რათა "სიბინძურე ჩამოირეცხონ".
"შევქმენით კლუბი, რათა ერთმანეთი გავამხნევოთ. ადამიანებს ეცოდინებათ, რომ თუ საყვარელ მამაკაცს დაკარგავენ, მათ ვინმე მორალურ თანადგომას გაუწევს," - აცხადებს პამელა.
"გაწმენდის რიტუალი" 3 დღის მანძილზე გრძელდება. პირველ დღეს, გაღვიძების შემდეგ ქალმა უნდა დაწვას ტანსაცმელი, რომელიც ეცვა სექსამდე და თეთრეული, რომელზეც იწვა. მამაკაცი ქალს თავზე თმას პარსავს.
4 დღის შემდეგ „გაწმენდილი ქვრივი“ მშობლების სახლში ბრუნდება მამაკაცთან ერთად და მისთვის საჭმელს ამზადებს. სადილის შემდეგ სახლში ყველაფერი უნდა დაალაგოს და დარეცხოს, შემდეგ კი, საბოლოოდ, ქალის შვილებს სახლში დაბრუნება შეუძლიათ.
ერთ-ერთი "გამწმენდი", პატრიკი, რომელმაც არ იცის, არის თუ არა აივ-დადებითი, ამბობს, რომ ქალებს "გაწმენდის რიტუალი" რეალურად სურთ, თუმცა მაინც უარობენ.
"ბევრ ქალს გამწმენდის პოვნა უჭირს და ძალიან ცდილობენ, ვინმე იპოვონ. თუ ვერავის ნახავენ, ცხოვრება ძალიან მძიმე ხდება," - ამბობს პატრიკი.
„გამწმენდის“ ანაზღაურება 500 დოლარამდეა. ისინი არასოდეს ზრუნავენ საკუთარ ჯანმრთელობაზე, სვამენ ალკოჰოლს, იღებენ ნარკოტიკულ საშუალებებს.
პამელას „გაწმენდის რიტუალის“ შემდეგ აივ-ინფექცია აღმოაჩნდა.
მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით