სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლოპარკში, სილიკონველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.
ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის მესამე კურსის სტუდენტია. 2017 წელს ის გაცვლითი ვიზიტით გაემგზავრა სან დიეგოში. ამ შესაძლებლობას უნივერსიტეტი საქართველოს კამპუსის სტუდენტებს ყოველწლიურად სთავაზობს. კალიფორნიაში ჩასვლიდან მალევე გადაწყვიტა ფეისბუქის ყველაზე მოთხოვნად პროგრამაში მონაწილეობის მიღება. წარმატების მისაღწევად სათავო ოფისში გაიარა ორი ტექნიკური გასაუბრება, რომელშიც დეტალურად გამოცადეს მისი შესაძლებლობები პროგრამირების საოლიმპიადო ამოცანების ოპტიმალურ ამოხსნაში.
"ჯერ კიდევ მეხუთე კლასში დავწერე ჩემი პირველი კოდი და გადავწყვიტე, პროგრამისტი გამოვსულიყავი. იმ დროიდან მოყოლებული, უამრავ პროექტზე ვიმუშავე, რომელთა უმეტესობა ამჟამადაც აგრძელებს არსებობას. Facebook-ში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო და ვიცოდი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მივაღწევდი დასახულ მიზანს“, ამბობს ლუკა და იხსენებს ფეისბუქის რეკრუტერის ნათქვამს, რომ მენლოპარკში მარკ ცუკერბერგსაც შეხვდება.
ყოველწლიურად ფეისბუქში 250 000 აპლიკაცია შედის სოფტვეარ დეველოპმენტის განხრით, საიდანაც სტატისტიკურად მხოლოდ 0.132%-ს იღებენ სტაჟირებაზე. ეს სირთულის დონით ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაღწევი წარმატებაა მსოფლიოში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანის აზრით, ლუკა სტუდეტური წარმატების შესანიშნავი მაგალითია. "ჩვენი პროგრამის მიზანი საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვეხმარებით სტუდენტებს, რეალობად აქციონ საკუთარი ოცნებები მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში. ლუკა ერთ-ერთია იმ მრავალი სტუდენტიდან, ვინც ამ შესაძლებლობის წყალობით მიაღწევს წარმატებას", - განაცხადა კენ უოლშმა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში - 35,000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში STEM დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.
ინფორმაციისთვის მიმართეთ: ელენე ალადაშვილი, კომუნიკაციებისა და განვითარების დირექტორი, SDSU- საქართველო: 577974004, ealadashvili@mail.sdsu.edu| georgia.sdsu.edu |facebook.com/SDSU.Georgia