მინამ ჩუტყვავილა, წითელა და წითურა ციხეში გადაიტანა. გოგონა საპყრობილეში დაიბადა და გაიზარდა. ახლა 11 წლისაა და მთელი ცხოვრება გისოსებს მიღმა აქვს გატარებული, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი კვლავ აქ იქნება.
გოგონას არასოდეს ჩაუდენია დანაშაული, თუმცა მისი დედა, შირინ გული სერიული მკვლელია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი. ავღანეთში კი პატიმარ მშობელს შეუძლია, შვილი 18 წლის ასაკამდე ციხეში ჰყავდეს.
მინა არასოდეს გასულა საპყრობილედან, მცირე ხნითაც კი. მას არ უნახავს ტელევიზორი და წარმოდგენა არ აქვს, როგორია სამყარო ციხის გალავნის გარეთ.
მისი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა არა ერთადერთი. ნანგარჰარის პროვინციის ციხეში, მის გარდა, მშობლებთან ერთად 36 ბავშვი "იხდის სასჯელს". თუმცა, მათ შორის მინას ყველაზე მეტი წელი აქვს გატარებული ციხეში, სხვა ბავშვების მშობლებს ნაკლები ვადა აქვთ მისჯილი.
ბავშვების ყოფნა პენიტენციალურ დაწესებულებაში ავღანეთში დიდი ხანია, მიღებული პრაქტიკაა. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ქვეყანაში ასობით დაპატიმრებული ბავშვია, რომელთაც ერთადერთი "დანაშაული" აქვთ - მათი მშობლების კრიმინალური წარსული.
ამასთან, არსებობს პროგრამა, რომლის მიხედვითაც პატიმარი მშობლების შვილებს თავშესაფრებში ათავსებენ, თუმცა ამაზე მშობლის თანხმობაა საჭირო, ბევრ დედას კი ურჩევნია, შვილი თავისთან ჰყავდეს.
ციხეში ქალების საკნებიდან გასასვლელია შიდა ეზოში, სადაც ბავშვებს თამაში შეუძლიათ. აქ არის დაჟანგული, ხელნაკეთი საქანელები, სასრიალოები...
ერთ-ერთ საკანში მოწყობილია საკლასო ოთახი, სადაც 8 მერხზე 16 ბავშვი თავსდება. სამ კლასს 1 მასწავლებელი ჰყავს. 11 წლის ასაკში მინა მეორე კლასში სწავლობს.
გოგონას დედა ამბობს, რომ მისი ერთადერთი დანაშაული არის საჭმლის მომზადება ქმრისთვის, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა.
მამაკაცს, რომელსაც ქალი ქმარს ეძახის, რაჰმატულა გული ერქვა, ისინი არასოდეს ყოფილან დაქორწინებულები ოფიციალურად. რაჰმატულა შვილთან, სიძესთან, ბიძასა და დიშვილთან ერთად 27 ავღანელი მამაკაცის გაძარცვასა და მკვლელობაში დაადანაშაულეს.
პროკურორების თქმით, რაჰმატულა გული დაჯგუფების ლიდერი იყო.
მინას დედა, შირინი პროსტიტუციით იყო დაკავებული, მას სახლში მოჰყავდა კლიენტები, მათი უმეტესობა ტაქსის მძღოლი იყო. აჭმევდა ქაბაბს, რომელშიც ნარკოტიკს ურევდა, ამის შემდეგ კი მისი ოჯახის წევრები ძარცვავდნენ შირინის კლიენტებს, კლავდნენ და მარხავდნენ.
ექვსივე მათგანს სიკვდილი მიუსაჯეს, ხუთი მამაკაცი ჩამოახრჩეს კიდეც. თუმცა შირინი ორსულად აღმოჩნდა და მისი სიკვდილით დასჯა გადაიდო. მინას დაბადების შემდეგ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.
ამას გარდა, რაჰმატულა მინას ბიოლოგიური მამა, დიდი ალბათობით, არ არის. ის უკვე დაპატიმრებული იყო, როდესაც შირინი მკვლელობების თანამონაწილედ დაასახელა. შირინი და რაჰმატულა სხვადასხვა ციხეში მოათავსეს და ისინი სხვადასხვა ქალაქში იმყოფებოდნენ, როდესაც მინა ჩაისახა. ავღანელი სამართალდამცველები ამბობენ, რომ მინას ბიოლოგიური მამა ციხის თანამშრომელია. მათი თქმით, შირინი ეცადა დაორსულებულიყო, რომ სიკვდილით დასჯა აერიდებინა თავიდან.
დედა ამბობს, რომ მისი შვილი იმსახურებს თავისუფლებას, თუმცა მინა ციხეს დატოვებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შირინს მასთან ერთად გათავისუფლების საშუალებას მისცემენ.
მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით