მიმდინარე წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მეორე არასრულწლოვანი გამოძიებას ჩაბარდა - ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებაში ნათქვამია:
"2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული, მეორე არასრულწლოვანი - გ.ჯ. გამოძიებას ჩაბარდა. აღსანიშნავია, რომ დღეს სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებულს, არასრულწლოვან გ.ბ.-ს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო მეორე არასრულწლოვანს - გ.ჯ.-ს წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა.
გამოძიების ამ ეტაპისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოვლენილი და დაკავებული ჰყავს მკვლელობის 2 ძირითადი ფიგურანტი. ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული დანაშაულში მონაწილე სხვა პირები. საქმეში ჩართული დანარჩენი პირების სტატუსის განსაზღვრა/გადაკვალიფიცირებისთვის გამოძიება გრძელდება.
ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ გამოძიების პროცესში თითოეული სამართალდამცველის მიერ გათვალისწინებული იყო საქმის სენსიტიურობა, მასში არასრულწლოვნების მონაწილეობის გამო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა პოლიციელს, რომელთა 24-საათიანმა, ინტენსიურმა მუშაობამ უზრუნველყო საქმის გამოძიება და ბრალდებულების დაკავება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ორი მოზარდის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მთელ საზოგადოებასთან ერთად, აქტიურად იმუშავებს არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციის პოლიტიკის გატარებაზე, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევა" - ნათქვამია განცხადებაში.