თბილისის #51-ე სკოლის მოკლული მოსწავლეების ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად, მოქალაქეთა ჯგუფი დღეს, სკოლასთან შეიკრიბება.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თამარ გურჩიანმა განაცხადა, მოქალაქეები სკოლასთან მიიტანენ ყვავილებს და აანთებენ სანთლებს, რითაც გამოხატავენ საკუთარ მოქალაქეობრივ პოზიციას, რომ საქმესთან დაკავშირებით დროული და ეფექტური გამოძიება ჩატარდეს.
"ჩვენ, მოქალაქეები ვიკრიბებით კვირას, 18:00 საათზე, #51-ე სკოლის წინ, იმისათვის, რომ ჩვენი ტკივილი, მსხვერპლების ოჯახებისადმი სოლიდარობა და გამოძიების პროცესისადმი ჯანსაღი სამოქალაქო ინტერესი გამოვხატოთ. ჩვენ გვსურს მივიტანოთ სანთლები და ყვავილები და ვაჩვენოთ სახელმწიფოს და რაც მთავარია, ბავშვებს, რომ ცივილიზებული პასუხი გვინდა იმაზე, რაც მოხდა, რათა, მომავალში სხვა ბავშვები მაინც დავიცვათ", - განაცხადა თამარ გურჩიანმა.
1-ელ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. როგორც სამინისტროში აცხადებენ, მომხდარ ფაქტზე კიდევ ერთი სავარაუდო დამნაშავის დაკავების მიზნით ღონისძიებები მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით).