სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმი თამუნა საგარეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების ადგილზე იმყოფებოდა, "ფეისბუქზე" პოსტს აქვეყნებს, სადაც მძიმე მორიგეობას იხსენებს:
"გუშინ, ჩემს კუთვნილ მორიგეობაზე შემოვიდა მისამართი: - ხორავას ქუჩაზე, ცივი იარაღით დაჭრილი მოზარდები არიან, პანიკური ზარია, იჩქარეთ!
ჩვენ რა თქმა უნდა არ დავყოვნდით, მისამართის მიღებიდან 5 წთ-ში აღნიშნულ მისამართზე მივედით.
ზღვა ხალხი დაგვხვდა ადგილზე, მივხვდი, რომ საქმე კარგად არ იყო. შევედით ეზოში და აი ისიც, დ. ს. თავისივე სისხლის გუბეში ჩაწოლილი, კანი ცივი, ფერმკრთალი, ღრმად დაბინდული ცნობიერებით. მისი ჭრილობები იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი. ვხვდებოდი, რომ მისი გადარჩენა რთული, თითქმის შეუძლებელი იქნებოდა... მან შემომხედა და ერთი ამოილუღლუღა - "გადამარჩინეთ!"
ელვისებური სისწრაფით გავუწიეთ პირველადი სამედიცინო დახმარება. ღმერთს ვევედრებოდი გული არ გაეჩერებინა მისთვის და დედისთვის შვილი არ წაერთვა. დავითს კი ვთხოვდით თვალები არ დაეხუჭა და ებრძოლა სიცოცხლისათვის. ჩაძახილზე თუ როგორ ესმოდა ჩვენი - ის, თითების ჟესტით გვანიშნებდა, რომ მას ჩვენი ესმოდა. სტაციონარის ეზოში შესვლისას თვალები დახუჭა, სუნთქვას აჩერებდა. სასწრაფოდ შევიყვანეთ კლინიკაში და იქვე გული გააჩერა. მთელი კლინიკის ექიმები მობილიზირებულები იყვნენ, ჩაუტარდა გულ-ფილტვის რეანიმაცია და გულის რითმი მალევე აღდგა. მაშინვე საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს. ის სიცოცხლისათვის 23 სთ-ი იბრძოდა. მიუხედავად ყველაფრისა მისი გადარჩენა სამწუხაროდ ვერ მოხერხდა.
არასოდეს დამავიწყდება ეს დღე, როდესაც მისი წყლიანი, უმწეო თვალები დახმარებას გვთხოვდა. ლევან დადუნაშვილი მე არ მინახავს, მას სხვა ბრიგადა ემსახურებოდა, ისეთივე უმწეო, ისეთივე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობებით იყო როგორიც დათოსი, ის კლინიკაში მისვლამდე, სასწრაფოს მანქანაში გარდაიცვალა..." - წერს საგარეიშვილი.
ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. დაპირისპირება 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პარალელურ კლასელს დ.ს.-ს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).
ასევე დაგაინტერესებთ: ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან
რას ჰყვება ჩხუბის დროს მოკლულ მოსწავლეზე თანაკლასელი - "ის უბრალოდ გამშველებელი იყო..."