საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლეების მკვლელობის ფაქტს სოციალური ქსელით ეხმაურება:
"მე ვსწავლობდი 51-ე საშუალო სკოლაში და ორჯერ ვარ ნამყოფი 53-ე სკოლის მოსწავლეებთან გარჩევაზე და ჩხუბზე. ერთ-ერთი ჩხუბის დროს ფეხი გამიჩხაპნეს ე.წ "შპიცით", მას შემდეგ, მეზიზღებოდა ეს "ქუჩის აკადემია" და ყველაფერი გავაკეთე მის აღმოსაფხვრელად საქართველოში. მოხდა ისე, რომ ჩემს შემდეგ, "ქუჩის აკადემიკოსები" მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჯერ ძეგლი დაუდგეს ვაზაგაშვილს, ახლა კი ჩემი სკოლის ორი მოსწავლის სიცოცხლე შეიწირა ქუჩის ყალბმა რომანტიკამ და ძველი ბიჭების და კრიმინალების გაიდიალებამ. ჩემი უღრმესი სამძიმარი დაღუპული მოსწავლეების ოჯახის წევრებს!
P.S 2007 წელს კამპანია "სკოლა დანაშაულის გარეშე" სწორედ 51-ე სკოლაში დავიწყეთ" - წერს სააკაშვილი.
ხორავას ქუჩაზე მოსწავლეებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 2 მოზარდი ემსხვერპლა. დაპირისპირება 1 დეკემბერს 51-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 16 წლის ლ.დ.-სა და მის პარალელურ კლასელს დ.ს.-ს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც შეეხება დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში 12 ჭრილობით, უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, სამი ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების მცდელობის მიუხედავად მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით უკვე დააკავა 2001 წელს დაბადებული გ.ბ. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლით).
ასევე დაგაინტერესებთ: ვერაზე დატრიალებული ტრაგედიას "ფეისბუქზე" ეხმაურებიან