თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის დროს 16 წლის მოზარდი მოკლეს, მისი პარალელური კლასელი კი მძიმედ დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორივე არასრულწლოვანს დაპირისპირების დროს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. 16 წლის ლ.დ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. ხოლო დ.ს-ს, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში შეიყვანეს, ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ამ დროისთვის ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი ლ.დ და დაჭრილი დ.ს პარალელური კლასელები და მეგობრები იყვნენ. ლ.დ ვერაზე, ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობდა. ჩვენ დაჭრილისა და გარდაცვლილის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ.
სავარაუდოდ, დაპირისპირება 51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლესა და კიდევ ერთი სკოლის აღსაზრდელებს შორის მოხდა. არასრულწლოვნების ჩხუბის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველებს დანაშაულში ბრალდებული ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
მოკლულ ლ.დ-ს მისი თანაკლასელი და მეგობარი ნ.ე. უკონფლიქტო ადამიანად ახასიათებს. ჩვენთან საუბარში 51-ე სკოლის მოსწავლე ამბობს, რომ ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო.
- ლ-ი ჩემი კარგი მეგობარი იყო, დღეს საკონტროლო გვქონდა მათემატიკაში, მან ვერ დაწერა კარგად და ამის გამო დავცინე კიდეც, ვეხუმრებოდი... ზოგადად, ლ-ი საუკეთესო, მედლის კანდიდატი მოსწავლე იყო. კონფლიქტური ადამიანი არ ყოფილა, ძალიან კარგი ბიჭი იყო. ზოგადად, ჩვენს სკოლაში ბავშვები ერთმანეთთან დაპირისპირებულები არ არიან.
- რას ამბობენ, ჩხუბი რატომ მოხდა?
- არ ვიცი, არაფერს ამბობენ. როგორც თქვეს, გაკვეთილების შემდეგ, როცა ლ-ი სახლში მიდიოდა ეს ფაქტი მაშინ მოხდა. ის ამ დაპირისპირებაში მეგობრის დასაცავად ჩაერია და მოკლეს. ის დაჭრილ დ.ს-თანაც მეგობრობდა. ვინ არის მკვლელი და რატომ მოხდა ეს ყველაფერი, ჯერ არ ვიცით. ჯერ კიდევ სკოლასთან ვიდექით, როცა თქვეს ლ-ი დაჭრესო და ეს ჩვენთვის შოკისმომგვრელი ამბავი იყო.
- ამბობენ, რომ დაპირისპირება სკოლაში ორი დღის წინ დაიწყო, ამჩნევდით რამეს თქვენს მეგობრებს?
- არ არის ეს ინფორმაცია მართალი. არავის არავისთან არ ჰქონია დაპირისპირება. მითუმეტეს ლ-ს, ის უბრალოდ გამშველებელი იყო, ჩხუბის დროს იქ დაახლოებით 15-20 ბავშვი იყო, მაგრამ რა მოხდა არავინ იცის.
თამარ ბოჭორიშვილი
ასევე დაგაინტერესებთ: რას ჰყვებიან მეზობლები მოსწავლეების ჩხუბზე - "ერთ-ერთი სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე ტიროდა და დაჭრილს ეფერებოდა"
რას ამბობს დეტექტივ-გამომძიებლი მოსწავლეებს შორის მომხდარი ჩხუბის შესახებ