სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საგანგებო ბრიფინგს პანკისის ხეობაში, უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილებს შორის ერთ-ერთი რომ ახმედ ჩატაევი იყო, ეჭვი მედიაში გავრცელებული ფოტოების შემდეგ ჰქონდათ.
"ფოტოების ნახვის შემდეგ, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ნაჩვენები პირი ახმედ ჩატაევი იყო. რა მიზნით შეიძლება ის საქართველოში ყოფილიყო ჩამოსული, არ ვიცი, მაგრამ, არ მგონია მას რაიმე ცუდი ზრახვები ჰქონოდა. შესაძლოა მისი ჩამოსვლა უკავშირდებოდეს საქართველოს გავლით სხვა ქვეყანაში გადასვლას, ან მცირე ხნით უსაფრთხო ადგილზე შესვენებას. მე ვვარაუდობ, რომ ახმედ ჩატაევმა და მისმა თანმხლებმა პირებმა შემოვლითი გზებით შეძლეს საქართველოში შემოსვლა”, - განაცხადა ”ინტერპრესნიუსთან” საუბრისას ხასო ხანგოშვილმა.
ხეობაში აცხადებენ, რომ ახმედ ჩატაევის ნათესავების და მეგობრების სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა ჩატაევის ცხედარი პანკისში დაიკრძალოს.