რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

 რა ვიცით ახმედ ჩატაევზე, რომელმაც თბილისში მიმდინარე სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა

თბილისში, 21-22 ნოემბერს ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ პირებს შორის ახმედ ჩატაევია - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო გიორგობიანმა სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. სუს-ის ინფორმაციით, ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

ვინ იყო საერთაშორისო ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევი და რა საქმეებისთვის იძებნებოდა ის?

"ცალხელა "ვერბოვშიკი" - ასე იხსენიებს მას რუსული მედია, რომლის ცნობითაც, 2016 წლის 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტში მომხდარი ტერაქტი, რა დროსაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა, ჩატაევის დაგეგმილი იყო. არსებული ინფორმაციით, ტერორისტულ აქტში, სულ 8 ადამიანი მონაწილეობდა, თურქული მედიის ინფორმაციით, ორგანიზატორი სწორედ ჩეჩენი ახმედ ჩატაევი იყო.

ის 1980 წელს ჩეჩნეთში, სოფელ ვედენოში დაიბადა. ჩეჩნეთის მეორე ომის დროს ხელი დაკარგა. რუსეთის ძალოვნები მას 2003 წლიდან ეძებენ, თუმცა სწორედ იმ პერიოდში ის ავსტრიაში გადავიდა, სადაც ლტოლვილის სტატუსი მიიღო.

2008 წელს ახმედ ჩატაევი რამდენიმე ჩეჩენთან ერთად, შვედეთის ქალაქ ტრელებორგში პოლიციამ დააკავა და იარაღი უპოვა. მაშინ ჩატაევმა ადგილობრივ ციხეში წელიწადზე მეტი გაატარა.

2010 წელს ჩატაევი უკრაინაში დააკავეს. ადგილობრივმა შს სამსახურებმა მის მობილურ ტელეფონში დივერსიული საქმის ინსტრუქცია და ასევე, აფეთქების შედეგად დაღუპულების ფოტოები იპოვეს... უკრაინელ ძალოვნებს მისი დოკუმენტების ნამდვილობაში, მათ შორის ავსტრიის მიერ გაცემული ლტოლვილის სტატუსის დოკუმენტში ეჭვი შეეპარათ.

ევროპულმა სასამართლომ მისი რუსეთისთვის გადაცემა აკრძალა, ამიტომაც უკრაინელებმა ის საქართველოს გადასცეს, სადაც მან გარკვეული დრო ციხეში გაატარა. შემდეგ გაათავისუფლეს, დაოჯახდა და საქართველოში საცხოვრებლად დარჩა... 2011 წლის მაისში, ის თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე დააკავეს. ბულგარეთის სასამართლო მისი რუსეთისთვის გადაცემის პროცედურას შეუდგა, თუმცა შემდეგ სააპელაციო ინსტანციამ გადაწყვეტილება ისევ შეცვალა...

"შემდეგ იყო 2012 წლის "ლოპოტას ამბები", რა დროსაც ქართველ სამართალდამცავებსა და ბოევიკებს შორის ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი ჩატაევი დააკავეს... იმ კონკრეტული დროისთვის, მას უკვე საქართველოს მოქალაქეობა ჰქონდა",- წერს რუსული მედია და დასძენს, რომ ჩატაევი გაამართლეს.

2015 წელს ცნობილი გახდა, რომ ჩატაევმა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს მუქარის შემცველი აუდიო-ჩანაწერი გამოუგზავნა. ამის შესახებ ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 2015 წელს დაკავებულ სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამის, აიუფ ბორჩაშვილის სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.

2015 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ ის სირიაში გადავიდა და მებრძოლებს შეურთდა. იმავე წლის ოქტომბერში ჩატაევი ამერიკამ განსაკუთრებულ ტერორისტთა სიაში შეიყვანა, - მას ISIS-სთვის რუსი და ევროპელი ახალგაზრდების "დავერბოვკება" ედებოდა ბრალად.

რაც შეეხება მის კვალს საქართველოში - მას შემდეგ, რაც "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი აიუფ ბორჩაშვილი დააპატიმრეს, ჩატაევმა საქართველოში აუდიომუქარა გამოგზავნა და ადგილობრივ მოქალაქეებსა და ქვეყანაში მყოფ ტურისტებს დაემუქრა.

ჩატაევმა აუდიომუქარა საქართველოს კონტრტერორისტულ ცენტრს მისი მეგობრის საშუალებით თურქეთიდან გამოუგზავნა და "პატიმრობაში მყოფი აუფ ბორჩაშვილისა და მასთან ერთად ტერორიზმში ბრალდებული პირების გათავისუფლებას" ითხოვდა.

საქართველოს ხელისუფლებამ ჩატაევის ულტიმატუმი არ დააკმაყოფილა, თუმცა, ეს მიმართვა შესაბამისმა უწყებებმა აიუფ ბორჩაშვილის ISIS-თან კავშირის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად გამოიყენეს...

ბოლო მონაცემებით, ის სირიაში იმყოფებოდა. სააგენტო REUTERS-ის ინფორმაციით, "ბოევიკებს" რუსეთიდან სირიაში გადასვლაში სწორედ რუსული სპეცსამსახურები ეხმარებოდნენ. ისინი მათ უცხოურ, ყალბ პასპორტებს აძლევდნენ, ძველი პასპორტების მიხევდით კი, მათ ძებნას განაგრძობდნენ. სწორედ ამის შესახებ საუბრობს გამოცემასთან დაღესტნელი ბოევიკი, საად შარაპუდინოვი, რომლის თქმითაც, რუსეთში მას აფეთქების ბრალდებით ეძებდნენ, თუმცა, სპეცსამსახურების დახმარებით სირიაში გადასვლით უშველა თავს...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ