პირბადეების აქცია ძალიან კრეატიული იყო, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე ე.წ. პირბადეების აქციას. მისი განცხადებით, თბილისის მერიაში პირველადი ინფორმაცია შევიდა, რომ დაზიანებული იყო ძეგლები და ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის რეაქცია ნორმალური იყო.
მისივე თქმით, აღნიშნული მიმართულებით, ქალაქში პრობლემები არსებობს, თუმცა ის პროექტები, რომელიც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს, ქალაქში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
"აქცია ძალიან კრეატიული იყო, თუმცა, პირველადი ინფორმაცია, რაც მერიაში შემოვიდა, იყო ის, თითქოს ძეგლები დაზიანებული იყო, საღებავი გადასხმული და ა.შ. ამის გათვალისწინებით, ვიცე-მერის პირველადი რეაქცია ნორმალური იყო. მას შემდეგ, რაც ყველაფერი გაირკვა, ვფიქრობ, რომ აქცია საინტერესო და კრეატიული იყო. სხვათა შორის, ირაკლი ხმალაძე მეორე დღეა პირბადით დადის მერიაში", - განაცხადა კახა კალაძემ.
რამდენიმე დღის წინ თბილისში ცნობილი ადამიანების ძეგლებს პირბადეები გაუკეთეს, აქციის ორგანიზატორებმა დედაქალაქში ჰაერის დაბინძურება ასეთი სახით გააპროტესტეს. თბილისის ვიცე-მერმა კი აქციის საპასუხოდ განაცხადა, რომ ის მერიის მიერ ორგანიზებული ან ნებადართული არ არის.
"ეს აქცია არ არის არც ნებადართული მერიისგან, არც, მით უმეტეს, ორგანიზებული. ჩვენ ამას არ მივესალმებით. ამ ადამიანებს გარკვეული პროტესტის გამოხატვა უნდოდათ, რომელიც უფრო კულტურული გზითაც შეიძლებოდა და არა ძეგლების შეურაცხყოფის გზით", – აღნიშნა ხმალაძემ და განაცხადა, რომ მერიას აუცილებლად ექნებოდა შესაბამისი რეაგირება.