საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოში მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებულია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა სალომე ხუჯაძემ განუცხადა, მოსარჩელე ითხოვდა, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას.
მისივე განმარტებით, სასამართლომ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა და განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი.
"მოსარჩელე ითხოვდა, მარიხუანას მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმებას. მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, მოსარჩელე დეკრიმინალიზაციას ითხოვდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი და განმარტა, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მარიხუანას მოხმარებისთვის არ არის საჯარო ინტერესებისთვის საფრთხის შემცველი, რადგან ამ შემთხვევაში გასაღების საფრთხე არ არსებობს. ასევე, სასამართლომ თქვა, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება იმ მიზნით, რომ ადამიანმა თავის ჯანმრთელობას ზიანი არ მიაყენოს, არ არის თავისუფალ საზოგადოებასთან თანხვედრი და ამიტომაც, დააკმაყოფილა სარჩელი", - განაცხადა სალომე ხუჯაძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ "გირჩის" სარჩელი, რომელშიც მოქალაქე გივი შანიძე მარიხუანას განმეორებითი მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვდა, დააკმაყოფილა.