სასწავლო ცენტრი, ისრაელის ტექნოლოგიურ პროექტებში დასაქმება და ახალი პროექტების განვითარების ხელშეწყობა - ეს "ისრაელის ტექნოლოგიური ჰაბია", რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიხსნება. ახალი პროექტის ფარგლებში ასობით ახალგაზრდა კადრის გადამზადება და მათი მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ პროექტებში ჩართვაა გათვალისწინებული. პროექტი საქართველოს ტექნოლოგიების განვითარების სრულიად ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს.
პროექტის ინიციატორები არიან საქრთველოს პარლამენტის დეპუტატები - ირაკლი მეზურნიშვილი, ილია წულაია, საქართველოს საპატიო კონსული ისრელში - მენი ბენიში და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
პროექტი ისრაელის მხარის სრული დაფინანსებით ხორციელდება და ამისთვის განვითარების მრავალმინიონიანი ფონდი გამოიყოფა. პროცესში ისრაელის საუკეთესო სპეციალისტები არიან ჩართული.
"ისრაელის მხარის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი დაიხარჯება კადრების გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე, ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნასა და განვითარებაზე. პროცესში ჩართული იქნებიან ისრაელის წამყვანი სპეციალისტები. გადამზადების პროგრამების გარდა, პროექტი გულისხმობს ახალი ტექნოლოგიური კომპანიების შექმნას, განვითარებას და მათი მდგრადობის მხარდაჭერას. ბენეფიციარების გადამზადების საფასურის 100%-ს ისრაელის მხარე აფინანსებს, რაც 2500$-ს შეადგენს ერთ გადამზადებულ კადრზე. ასეთი მასშტაბური ინვესტიცია ტექნოლოგიების მიმართულებით ჯერ არ განხორციელებულა," - განმარტავს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი.
ისრაელი ტექნოლოგიების სფეროში მოწინავე ქვეყანაა, რომლის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ქართველი სპეციალისტებისთვის. აღნიშნული საინვესტიციო პროექტი დიდ როლს შეასრულებს ქვეყნის რეგიონალურ ტექნოლოგიურ ჰაბად ფორმულირებაში და ქართველი კადრების მიმართ საერთაშორისო შრომის ბაზრებზე ინტერესის გაზრდაში.
"გადამზადება რამდენიმეთვიანი პროცესი იქნება. გადამზადებული კადრები მიიღებენ შეკვეთებს ისრაელიდან ისევე, როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამატებითი ეკონომიკური ზრდა იქნება. საერთო ჯამში, ათასობით ადამიანი გადამზადდება. ჩვენ გვინდა, საქართველოს რეგონების ახალგაზრდებიც მოვიცვათ. მხოლოდ დედაქალაქზე არ ვართ ორიენტირებული. ანალოგიური საპილოტე პროექტი კასპის რაიონში უკვე განვახორციელეთ. ეს ყველაზე სწრაფი გზაა, რომ ჩვენს მთავარ პრობლემას - უმუშევრობას დავუპირისპირდეთ," - აღნიშნავს საქრთველოს პარლამენტის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი.
თანამშრომლობა ისრაელის მხარესთან 4 დეკემბერს გაფორმდება. პროექტი კი აქტიურ ფაზაში 2018 წლიდან შევა. ამ დროს გამოცხადდება მონაწილეების მიღება.