"კრიტიკულად განწყობილები ასისინდებიან..." - როგორ იცნობენ სასულიერო პირები პატრიარქის მოსაყდრეს და რას ამბობს მეუფე შიოზე პეტრე კოლხი

"კრიტიკულად განწყობილები ასისინდებიან..." - როგორ იცნობენ სასულიერო პირები პატრიარქის მოსაყდრეს და რას ამბობს მეუფე შიოზე პეტრე კოლხი

23 ნოემბერს, გიორგობას საზოგადოება მოულოდნელი სიახლის მოწმე გახდა - პატრიარქმა ილია II-მ, ქაშუეთის ეკლესიაში მრევლს საკუთარი განცხადება წაუკითხა და თავის მოსაყდრედ მეუფე შიო მუჯირი დაასახელა.

ამ თემაზე ცხადია, საზოგადოებაშიც და სასულიერო პირებშიც, ყველას თავისი მოსაზრება აქვს. დავინტერესდით, რა განწყობაა მეუფე შიოს მიმართ სასულიერო პირებში და კომენტარისთვის AMBEBI.GE-ს ერთ-ერთ აქტიურ რესპონდენტს, პეტრე კოლხს - დეკანოზ პეტრე კვარცხელიას დავუკავშირდით. თუმცა, ჩვენი საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო, რაზეც ინტერვიუდან შეიტყობთ.

- რას ფიქრობთ პატრიარქის გადაწყვეტილებაზე, რას უნდა ნიშნავდეს და როგორც სასულიერო პირს, რა მოლოდინი გაქვთ?

- უწმინდესის მიერ გადადგმული ყოველი ნაბიჯი, პროგრესული და გონივრულია. მაშინაც კი, როცა საზოგადოებაში ურთიერთგამომრიცხავი აზრები მუსირებს, ბევრს ალოგიკურად ეჩვენება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სიტუაციაში პატრიარქის არაერთი განცხადება, მაგრამ რაღაც პერიოდის შემდეგ, ყველა თამხმდება, რომ ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო... ვფიქრობ, ასეა მეუფე შიოს შემთხვევაშიც... კრიტიკულად განწყობილი მხარეები ასისინდებიან, ადვილია განსჯაც, მაგრამ საინტერესო არა კლანებად დაყოფილი დაჯგუფებების სახარბიელო მდგომარეობაა, არამედ ქვეყნის და ეკლესიის ინტერესები...

თანამედროვე პერიოდში, ყველაზე წამგებიანი მოსაყდრე, რომელიც ისედაც შერყეული ეკლესიის ავტორიტეტს უარესად გაანადგურებს, არის ორი უკიდურესობა - ზედმეტი ფანატიზმი, ან პირიქით, ურწმუნოებამდე დასული ლიბერალიზმი... ახალგაზრდა მღდელმთავარი წონასწორობას ჯანსაღად ინარჩუნებს და მჯერა მისი მომავალი საქმიანობა, საეკლესიო იერარქიასთან ერთად, მოსახლეობის მორწმუნე ნაწილისთვის, ისე ნიჰილისტებისთვისაც პოზიტიური იქნება...

ეკლესია არ არის მხოლოდ შემოსილების სამოქმედო ველი. ის ნებისმიერი ადამიანის უფლება და მდგომარეობაა... მეუფე შიოს გამძლეობას, სიმტკიცეს, ადამიანური ტკივილების გაზიარებას, გონიერ გულისცემას ვუსურვებ... მას ამ ყველაფრის რესურსი გააჩნია. რესურსის გამოყენებას კი ცალკე ნიჭი უნდა და ვიმედოვნებ, რომ ამ ნიჭითაც იქნება დაჯილდოებული. თუმცა, მოსაყდრეობიდან პატრიარქობამდე ძალიან შორი გზაა... იმედია, ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება...

- მეუფე შიო აქამდე არავის შეუმჩნევია საპატრიარქოს ცნობილ სკანდალებში. ყურადღებამისაქცევი განცხადება არასდროს გაუკეთებია... თქვენ როგორ დაახასიათებდით მას?

- მასზე თითქმის ყველაფერი ვთქვი, რასაც ვფიქრობდი... გულწრფელად მჯერა, რომ უწმინდესის მიერ გადადგმული ნაბიჯი აუცილებლად გონივრული აღმოჩნდება...

საზოგადოება დაიღალა ამდენი იმედგაცრუებით, ტყუილით, ფარისევლობით... ქრისტეს გზაზე მიმავალს ვერავინ დააბრკოლებს, მაგრამ საუკეთესო მაგალითი მაინც გვჭირდება. ალბათ, ასეთია მეუფე შიო... თუმცა ვინც არ უნდა იყოს მომავალი პატრიარქი, ვისურვებდი, ყოფილიყო ჰუმანური, მართლმკვეთელი, განათლებული, დახვეწილი, წიგნის და ცოდნის დამფასებელი, ადამიანების ტკივილების გამზიარებელი, უშუალო, უბრალო, მოწყალე - ყველა იმ ნიშნით შემკობილი, რომელიც უნდა ჰქონდეს ოცდამეერთე საუკუნის პატრიარქს. სამუშაო ძალიან ბევრია, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მინდა, თინეიჯერებისთვის პატრიარქი ავტორიტეტი იყოს და ვიმედოვნებ, მოზარდები ნაკლებ სისულელეს ჩაიდენენ. ჩვენი ახალი პატრიარქი ყველას ხსნა და საშველი უნდა იყოს... ასეც იქნება, იმედია...

- თემა შევცვალოთ... თქვენ ხართ ინიციატორი, გახსნილიყო "მარიტას ბაღი"... როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა და რა ეტაპზეა ის?

- მარიტას, იგივე "ბროწეულების ბაღის" იდეა, გაჩნდა მაშინ, როდესაც მსახიობი ლიკა ქავჟარაძე გარდაიცვალა... ეს არის იდეა, რომლის გარშემო უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ვფიქრობ, აწ განსვენებული მსახიობის უკვდავსაყოფად, მსგავსი ჩანაფიქრი უნდა განხორციელდეს და ამ წინადადებას სისრულეში აუცილებლად მოვიყვანთ...

ლოგიკურია, რომ "ბროწეულების ბაღი" პატარძეულში გაშენდეს. გოგლა ლეონიძეს სახლ-მუზეუმთან ახლოს. "ნატვრის ხის" გმირები ხომ იქ ცხოვრობდნენ. იქიდან გვისურათებდნენ ზოგად ადამიანურ პრობლემატიკას.

ჩვენი ჩანაფიქრი გულთან ახლოს მიიტანა საგარეჯოს გამგეობამ. 29 ოქტომბერს ჩემი ახალი წიგნის - "სიკვდილის მერე" წარდგენა შედგა პანტომიმის სახელმწიფო თეატრში, რაც ლიკას ხსოვნას მიეძღვნა და უამრავ მსმენელთან ერთად, საგარეჯოს გამგეობის თანამშრომლები გვესწრებოდნენ. მადლობა მათ, რადგან რამდენიმე ადგილი უკვე შეარჩიეს. მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას და გაზაფხულისკენ ბაღის გაშენებასაც ჩაეყრება საფუძველი. ბაღის შუაგულში "მარიტას" ბიუსტი დაიდგმება. იქნება სადა და მოკრძალებული...

- შეიქმნა მცხეთის ჰიმნი, რომლის ტექსტის ავტორი თქვენ ხართ... მოგვიყევით როგორ მოხდა ეს?

- ეს ფაქტი განსაკუთრებით მახარებს. მუსიკა დათო არჩვაძემ შექმნა. ტექსტი მე დავწერე და ასრულებენ თამრიკო ჭოხონელიძე და სვეტიცხოვლის ვაჟთა გუნდი... მომავალში სხვა გეგმებიც გვაქვს და ეპატობრივად განვახორციელებთ... ჰიმნის შექმნის იდეა ეკუთვნის დათო არჩვაძეს. სიმღერამ უამრავი ადამიანის გული გაათბო... ფოთლებს დაუბერავს ქარი,/ ჩრდილი დამეცემა ხეთა./ სვეტიცხოველი და ჯვარი,/ ღმერთის ქალაქია მცხეთა...

- ერთ ასეთ, ცოტა საჩოთირო თემას მინდა შევეხო, რომელიც სამწუხაროდ მესმის ხოლმე: "გაგვაგებინეთ, ეს მამა პეტრე, პოეტია, საზოგადო მოღვაწე, მღვდელი თუ მსახიობი?" კომენტარებშიც ხშირად წერენ მკითხველები მსგავსი შინაარსის ფრაზებს. ასეთ შეფასებებს როგორ ხვდებით?

- გამეღიმა. ვისურვებდი, ნებისმიერი სასულიერო პირი, საზოგადო მოღვაწე იყოს. როგორც სახარება გვეუბნება - "წარვედით და მოიმოწაფენით"... უკვე საზოგადოების ნაწილი ხარ... არაფრით არ უნდა იგრძნობოდეს სასულიერო პირსა და საზოგადოებას შორის ხიდჩატეხილობის პრობლემა... თავად უწმინდესი მოგვიწოდებს შემოქმედებისკენ. წერს მუსიკას, ხატავს... ის ნამდვილი შემოქმედია. ხელოვნება ღვთის კანონებს არ ეწინააღმდეგება... პირიქით, თუ ის ნამდვილია, ღვთის მცნებებს ემსახურება... არასდროს ვაქცევ ყურადღებას ვინ რას წერს... ჩემთვის მთავარი პრინციპი ჯანსაღი აზროვნება და ქრისტეს სამართალია... რატომაც არა, ლექსმა, მუსიკამ, ზოგადად შემოქმედებამ შეიძლება ადამიანს უმოკლესი გზა აპოვნინოს ღმერთამდე... ჩემი ერთი ლექსის გამო უცხოეთიდან ჩამოვიდა ემიგრანტი და ტაძარში მომადგა. ამ ლექსის დამსახურებაა, დღეს რომ ცოცხალი ვარ, თორემ არც ვიცი, რას ჩავიდენდიო... ჩემთვის ამ სიტყვების მოსმენა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგიერთი დაბოღმილი ადამიანის გაბოროტებული კომენტარი... სჯობს მეტი სიყვარული ვისწავლოთ და კარგშიც ცუდის ძიებას თავი დავანებოთ, რადგან ისევ ჩვენ მოგვიბრინდება ბუმერანგივით...

- ბევრს უყვარხართ, მაგრამ როგორც ჩანს, ზოგიერთს თქვენში რაღაც არ მოსწონს. რატომ ხდება ასე?

- ადამიანებისგან ნამდვილად აუწონავ, ფასდაუდებელ სიყვარულს ვგრძნობ. ეს განსაკუთრებულია, რაც უფალმა ჩემთვის გაიმეტა. ზოგს თუ არ მოვწონვარ, მაპატიოს, ალბათ ყველას მოსაწონი ვერ ვიქნები. არც მინდა, ყველას მოვწონდე, მაშინ ფარისეველი უნდა ვიყო... ეს ბუნებრივი მდგომარეობაა. ყველას მე კი არა, დავით აღმაშენებელიც არ მოსწონდა თავის დროზე და ამ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ილია მართლის ფოტო განათავსეს, სანაგვეზე მოსროლილი. ამის ფონზე, არ მიკვირს არმოწონება. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, ვიღაც მივიღოთ, ვიღაც ვერ, ან არ მივიღოთ, მაგრამ თავი ვაკონტროლოთ, სიძულვილსა და აგრესიაში არ უნდა გადაგვეზარდოს. ასეთი მდგომარეობა პატარა ადამიანების მახასიათებელი ნიშანია... ბევრი ვინმე არ მომწონს, თუმცა არავის ვლანძღავ. უპირველესად ამით თავს გავილანძღავ... ასეთი ქცევები პროვინციალიზმია, რომელსაც ვაკეში და ვერაზე ცხოვრება ვერ გამოასწორებს. პროვინციალიზმის განმსაზღვრელი, არა გეოგრაფიული მდებარეობა, არამედ შინაგანი მდგომარეობაა... ძველებრაული შეგონებით რომ ვთქვათ: "იმით, რაც პავლემ მითხრა პეტრეზე, პავლეზე უფრო მეტი გავიგე, ვიდრე პეტრეზე".

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"კორონავირუსგადატანილმა აუცილებლად უნდა ჩაიტაროს გრიპის საწინააღმდეგო აცრა" -  გამყრელიძის განცხადებით, გუშინ, ამ სეზონზე პირველად გამოჩნდა გრიპის ვირუსი

"კოვიდსასტუმროდან გადმოიყვანეს, ორმხრივი პნევმონია ჰქონდა" - ბათუმში 54 წლის ექიმი გარდაიცვალა

"ინფიცირების დინამიკა მოდის ქვემოთ, რაც გარკვეული მანიშნებელია იმისა, რომ სტაბილიზაციის ელემენტები გამოჩნდა" - ამირან გამყრელიძე