უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით სასტუმრო "ლეოგრანდი" დაჯარიმებული არ ყოფილა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სასტუმროს მფლობელმა ეროლ ავგორენმა განუცხადა. მისი თქმით, სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამებოდა.
"სასტუმროში უსაფრთხოების ზომები სტანდარტებს შეესაბამება. სასტუმროს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჯარიმა არ ჰქონია", - განაცხადა ავგორენმა.
მან სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. მისივე თქმით, სასტუმროს პერსონალი მუშაობას გააგრძელებს.
"ჩამოსული იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, ჩვენ მათთან ერთად ვიმუშავეთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. გამოვთქვამთ ღრმა მწუხარებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილების ოჯახებს. აქ დასაქმებული პერსონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან", - განაცხადა ავგორენმა.
როგორც ავგერენმა სააგენტო "ანადოლუს" განუცხადა, "ხანძრის დროს გარდაცვლილები კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს".
იხილეთ ვიდეო: რას ამბობს "ლეოგრანდის" მფლობელი, სასტუმროში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?
"ხანძრის დროს 22-სართულიანი სასტუმროს 13 სართულის ნომრები გავსებული იყო. ყველა დაღუპული C დონეზე იმყოფებოდა, სადაც სპა-სალონი, მასაჟის სალონი, აუზი, თურქული აბანო და საუნაა განლაგებული. სამწუხაროდ, ხანძრის მომენტში ისინი კიბით ქუჩაში კი არ გაიქცნენ, არამედ გარდერობიდან საკუთარი ნივთების აღება გადაწყვიტეს. კვამლი ძალიან სწრაფად გავრცელდა", - განაცხადა ავგერენმა.
მან დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მედიაში ვრცელდება შემთხვევის სხვადასხვა ვერსიების, მათ შორის უსაფუძვლო ბრალდებები აფეთქებაზე.
"ხანძრის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო სიგარეტის ნამწვი ან რაიმე აალებადი ნივთიერება, რის გამოც ცეცხლი წყლის გამათბობლების სადენებს გაუჩნდა", - განაცხადა სასტუმროს მფლობელმა.
ავგერენი აღნიშნავს, რომ ხანძრამდე 3 დღით ადრე სასტუმროს მთელი შენობა სპეციალისტებმა შეამოწმეს.
|ბუნებრივი მიზეზებით ხანძარი ვერ მოხდებოდა. მე ქართული მართლმსაჯულების მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ ის მომხდარის ნამდვილ მიზეზებს დაადგენს. ამბობდნენ, რომ გარდაცვლილები ლიფტში იყვნენ, მაგრამ ეს ასე არაა. ცხედრები არა ლიფტში, არამედ მის შესასვლელთან, სპას სართულზე იპოვეს. ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა მომენტალურად ამუშავდა. პროკურატურა, პოლიცია და მეხანძრეები უახლოეს ხანში წინასწარ განცხადებას გაავრცელებენ", - განაცხადა სასტუმრო "ლეოგრანდის" მფლობელმა.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი 24 ნოემბერს, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა.
ხაძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა, ჰოსპიტალიზებული იყო 21 ადამიანი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.