2017 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული რუსეთის წარმომადგენელი პოლინა ბოგუსევიჩი გახდა სიმღერით Wings. რუსმა კონკურსანტმა 188 ქულა მიიღო. მეორე ადგილი, 185 ქულით ქართველ მომღერალ გრიგოლ ყიფშიძეს ერგო, ხოლო მესამეზე ავსტრალიელი გავიდა.
რუსეთის წარმომადგენლის გამარჯვებას "ფეისბუქზე" ქართველი ინტერნეტმომხმარებლების მხრიდან მწვავე კომენტარები მოყვა.
ცოტა ხნის წინ აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტი გაავრცელა საბავშვო ევროვიზიის ჟიურის წევრმა, "ბასტ-ბუბუს" დამფუძვნებელმა თამარ სხვიტარიძემ:
"ხმამაღლა ვაცხადებ - ვიჯექი ევროვიზიის ჟიურიში. მომეწონა რუსეთის კონკურსანტის გამოსვლა - მაგრამ ხმა არ მიმიცია მისთვის - ყველაზე მეტი ქულა სომხებს მივეცი. თუმცა, ჩემს გარდა ჟიურიში კიდევ 4 წევრი იყო, მათ შორის ორი ბავშვი. ჩვენ ერთმანეთის შეფასებების ნახვის უფლება არ გვქონდა. ის რომ საქართველომ რუსეთს მისცა 12 ქულა და რუსეთმა საქართველოს ასევე 12 ქულა მისცა - ეს კარგი ამბავი მგონია. ბავშვები არ უნდა გაიზარდნონ მტრულად.
თუმცა, ვთვლი და ჟიურიშიც ხმამაღლა ვთქვი - რომ საქართველოში რუსეთის გამარჯვება ტეხავს
და კიდევ, სულ რომ 2 ქულა მიეღო რუსეთს ჩვენგან, მაინც რუსეთი გაიმარჯვებდა, რადგან ქართველმა ხალხმა არ იაქტიურა და ხალხის ხმა დააკლდა გრიგოლს და არა ჟიურის ხმა...
ნერვებაშლილი თამრიკო... ეს ბოლოა ჩემი ევროვიზიასთან გაკარება - ეს კონკურსი აშკარად ჩემი არ არის....".
საბავშვო ევროვიზიის რიგით მე-15 კონკურსი დღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა. საქართველომ საბავშვო ევროფესტივალს წელს პირველად უმასპინძლა. კონკურსში 16 ქვეყანა მონაწილეობდა.