ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დევიდ ლინჩი საქართველოში მისი სახელობის კინოსკოლის ან კინოაკადემიის უნივერსიტეტის დაფუძნების ინიციატივით ჩამოვიდა, რომელიც რეგიონული მასშტაბის იქნება.
ამ თემაზე დევიდ ლინჩს და დევიდ ლინჩის ფონდის (DLF) დელეგაციის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში შეხვდნენ.
"ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ინიციტივაა მისი გამოცდილების, ცოდნის გაზიარების თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ასეთი სკოლის ან უნივერსიტეტის მიმართ ინტერესი ძალიან მაღალი იქნება. მე სახელმწიფო თეატრის და კინოს უნივერსიტეტის შესახებ მოვყევი, რომელიც კულტურის სამინისტროს სისტემაში შედის. მას შევთავაზე ასევე განიხილოს შესაძლო თანამშრომლობის მოდელი უნივერსისტეტთან ან სულაც უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყოს გარკვეული პილოტური პროგრამები, რომელიც შემდგომში შეიძლება დამოუკიდებელი სკოლის ან უნივერსიტეტის ფორმატში ჩამოყალიბდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. ჩვენ მუშაობას გავაგრძელებთ იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც კონკრეტული პროგრამის ან სკოლის ჩამოყალიბებას უკავშირდება", - განუცხადა ჟურნალისტებს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ დევიდ ლინჩთან და მასთან მყოფ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.