ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" მომხდარი ხანძრის დროს დაღუპულთა ნაწილის ვინაობა ცნობილია. როგორც რამდენიმე დაღუპულის ახლობელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ახალგაზრდა მამაკაცები სასტუმროს ფიტნეს-დარბაზში სავარჯიშოდ იყვნენ მისულნი. გარდაცვლილი ექვსი მამაკაციდან 5 ბათუმელი იყო, ხოლო ერთი - გორიდან. მათ გარდა, ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა.
როგორც გარდაცვლილების ახლობელი ყვება, დაღუპულებიდან ორი ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ლიფტში იპოვეს, ორი კი სავარჯიშო დარბაზთან.
"29 და 33 წლის ბიჭები, სავარჯიშო დარბაზში დაახლოებით, 1 საათის მისულები იქნებოდნენ, ინტენსიურად დადიოდნენ სასტუმროს დარბაზში და ვარჯიშობდნენ. ერთ-ერთი მეზღვაური იყო, 1 კვირის წინ დაბრუნდა ნაოსნობიდან. როგორც ვიცი, საუნადან გავრცელდა ხანძარი. შუქიც ჩაქრა, გზა ვეღარ გაიკვლიეს და კვამლის გამო გაიგუდნენ", - აცხადებს დაღუპულების ახლობელი.
"ლეოგრანდში" ფიტნეს დარბაზში დადიოდნენ. ერთ-ერთი ჩვენს ეკლესიაში სტიქაროსანი იყო, ორი მათგანი, როგორც მითხრეს, ლიფტში კვამლისგან გაიგუდა. კიდევ ერთი იყო სავარჯიშოდ, რომელმაც დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო. გარდაცვლილები 23, 26 და 27 წლისები არიან", - განაცხადა გარდაცვლილების მეგობარმა.
ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვლილები პროზექტურიდან უკვე გადაასვენეს ოჯახებში.
გუშინ სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 8 დაშავებული.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის საქართველოს 10 და ირანის რესპუბლიკის 1 მოქალაქეა.
წაიკითხეთ: