პირველი მაისიდან, საყოველთაო ჯანდაცვის დიფერენცირებული პაკეტის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურება ყველა მოქალაქეს ერთი პრინციპით აღარ უფინანსდება, თუმცა როგორც სადაზღვევო საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი, ლაშა ნიკოლაძე განმარტავს, პროგრამაში გათვალისწინებულია რამდენიმე სამედიცინო მომსახურება, რომელთა საფასურსაც სახელმწიფო ყველა ჩვენგან უნაზღაურებს.
როგორც ნიკოლაძემ AMBEBI.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით, ყველა მოქალაქისთვის დაფინანსებული სამედიცინო პროცედურების ჩამონათვალი ასეთია:
რატომ ფინანსდება ყველასთვის მხოლოდ სამი ტიპის სამედიცინო მომსახურება?
სადაზღვევო საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საბიუჯეტო დაზღვევაზე მყოფი პირებისთვის აღნიშნულ სამედიცინო მომსახურებებზე დაფინანსება არ ვრცელდებოდა, თუმცა შემდეგ ეს ტენდენცია შეიცვალა:
"გართულებული მშობიარობა, მშობიარობის შემდგომი სეფსისი, მაღალი რისკის ორსულთა სტაციონარული მომსახურება ამ პროგრამით არ ფინანსდებოდა და ცალკე, ვერტიკალურ პროგრამად იყო გამოტანილი, როგორც მაგალითად, C ჰეპატიტის, დიალიზისა და დიაბეტის პროგრამები, თუმცა ორსულთა გართულებების ეს პროგრამა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ შემოიერთა და ახლა მასზე წვდომა საბიუჯეტო დაზღვევის მქონეთათვის შეზღუდული აღარ არის. საბიუჯეტო დაზღვევის მქონე პირებს სახელმწიფომ კერძო დაზღვევა ერთხელ უკვე შეუძინა, შესაბამისად, მათზე მეორედ თანხები აღარ უნდა დაიხარჯოს, თუმცა საყოველთაოობის პრინციპი არის შენარჩუნებული და ეს მომსახურებები ყველაზე ვრცელდება," - დასძენს ლაშა ნიკოლაძე.
მისივე თქმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ყველაზე "დაჩაგრულები" არიან პირები, რომელთა შემოსავალიც წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, რადგან საბიუჯეტო დაზღვევის მქონე პირებისაგან განსხვავებით, რომელთაც სახელმწიფომ კერძო დაზღვევა შეუძინა, უცნობია, ისინი საერთოდ, სარგებლობენ თუ არა მსგავსი სერვისით:
"მათ შენარჩუნებული აქვთ ეს სამი სერვისი, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, დანარჩენი კი თვითონ უნდა გადაწყვიტონ, შეიძენენ თუ არა კერძო დაზღვევას," - აღნიშნავს სადაზღვეო საკითხებში ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი.
ლაშა ნიკოლაძე განმარტავს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 3 კომპონენტად იყოფა: მედიკამენტების კომპონენტი, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ, 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები უფინანსდებათ, შემდეგი არის ამბულატორიული სერვისები:
"მესამე და ყველაზე მასშტაბური არის სტაციონარული სერვისები. აღსანიშნავია, რომ 40 000 ლარზე მეტი შემოსავლისა და საბიუჯეტო დაზღვევაზე მყოფ პირებს მომსახურებას თვითონ პოლიკლინიკა არ უფინანსებს. ასევე, თვეში 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე პირებს დაფინანსებით მხოლოდ ოჯახის ექიმი ეკუთვნით," - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაძე.
შეგახსენებთ, რომ განახლებული ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მიიხედვით, მოქალაქეებს სერვისები ინდივიდუალური შემოსავლების მიხედვით უფინანსდებათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ჯგუფები და დაფინანსების პირობები,რომლებიც 2017 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა ასეთია:
სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, პედაგოგებს, სტუდენტებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, შშმ პირებს:
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული მიზნობრივი სპეციალური სერვისების მოცულობა უცვლელად
უნარჩუნდებათ
• არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
70 000-დან 100 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებს და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდებს:
• უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზისო პაკეტი
• არ ეზღუდებათ დამატებით კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობის უფლება.
ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები, თვითდასაქმებული, არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეები:
• საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მცირედ შეზღუდული პაკეტით სარგებლობენ
• კერძო დაზღვევის არსებობის შემთხვევაში უნარჩუნდებათ გადაუდებელი სერვისების დაფინანსება.
უნარჩუნდებათ ონკოლოგიური დაავადებების ( ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპია ) მკურნალობა და მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება
საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქეებს, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე მეტია, მაგრამ წლიური შემოსავალი არ აღემატება 40 000 ლარს:
• სარგებლობენ ან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეზღუდული სერვისებით ან კერძო სადაზღვევო პაკეტით.
• უნარჩუნდებათ ონკოლოგიური (ქიმიო და ჰორმონოთერაპია) დაავადებების მკურნალობა, მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება.
მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ვეღარ ისარგებლებენ. პროგრამის ფარგლებში ყველა მოქალაქეს უნარჩუნდება მშობიარობა/საკეისრო კვეთის დაფინანსება ყველა მოქალაქეს შეეძლება ჯანდაცვის სამინისტროს სხვა სახელმწიფო პროგრამებით სრულფასოვნად სარგებლობა.
მარიამ მენაბდიშვილი