ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულ პირს ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაკავებულის ადვოკატმა განუცხადა.„ველოდები პროკურორის ზარს. როგორც ვიცი, ბრალი დღეს უნდა წარედგინოს“, - განაცხადა ადვოკატმა. მან ასევე აღნიშნა, რომ მუხლები, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს, ტერორიზმს არ უკავშირდება.ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის, დუმილის უფლებას იყენებს. „იყო დაკითხვა, რომელზეც დუმილის უფლება გამოიყენა. ბრალს არ აღიარებს“, - აღნიშნა ადვოკატმა. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, დაკავების მომენტიდან, საგამოძიებო ორგანოს 48 საათიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ დაიკავებულს ბრალდებულად ცნობის დადგენილება გადაეცეს. მისი დაკავების ვადა კი 72 საათს არ უნდა აღემატებოდეს. 72 საათიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.თუკი 48 საათში დაკავებულს ბრალი წარედგინება, საგამოძიებო ორგანოს ასევე 24 საათიანი ვადა აქვს, რათა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს. თავის მხრივ, სასამართლომ პირველი წარდგენის სხდომა, შუამდგომლობის მიღებიდან 24 საათში უნდა ჩანიშნოს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, მათ ჯერ კიდევ აქვთ ვადა, დაკავებული პირისთვის ბრალის წარსადგენად. როგორც ცნობილია, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ერთი პირი დააკავეს, სამი კი ლიკვიდირებულია. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე არ არის.