გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული სპეცრაზმელი, 42 წლის ვანო გოლოშვილია. იგი 42 წლის 9 დეკემბერს გახდებოდა.
როგორც AMBEBI.GE-სთან საუბარში გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, გოლოშვილი დუშეთიდან არის, სოფელ მილისწყაროდან. მას 28 წლის მეუღლე, თამუნა ხელაია და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.
დაღუპული სპეცრაზმელის მეუღლე თამუნა ხელაია ფეისბუქის პირად გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და თანადგომისთვის მადლობას უხდის საზოგადოებას:
"ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ-შვილი ობლად დაგვტოვა... მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო. ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას, როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია, მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ. მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს... მადლობა ყველას თანაგძნობისთვის" - წერს ვანო გოლოშვილის ქვრივი.
ვანო გოლოშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს მძიმედ დაიჭრა, ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, დაჭრილ სპეცრაზმელს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.