"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი

"პატრიარქს ის ძალიან უყვარს..." - როგორ აღიკვეცა ბერად კონსერვატორიის სტუდენტი და რას ყვება მეუფე შიოზე ბავშვობის მეგობარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსაყდრედ სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დაასახელა. 48 წლის შიო მუჯირი, ერისკაცობაში ელიზბარი თბილისშია დაბადებული და გაზრდილი. ის 53-ე სკოლაში სწავლობდა და როგორც ამბობენ, ვირტუოზი მუსიკოსია - სწავლობდა კონსერვატორიაში, უკრავს ჩელოზე. თუმცა, სწავლა მუსიკალური მიმართულებით აღარ დაამთავრა და 24 წლის ასაკში ბერად აღიკვეცა. მეუფე შიოს შესახებ მისი მეგობარი, რეჟისორი გიო მგელაძე გვესაუბრა:

"მე და მეუფე შიო კლასელები ვართ, ბავშვობიდან ერთად მოვდივართ. 53-ე სკოლაში ერთად ვსწავლობდით, როცა ბაბუაჩემი პავლე ინგოროყვა გარდაიცვალა, მან მომნათლა. 53-ე სკოლის გვერდზე ქურდიანების ცნობილი სახლია, აი, მათი შთამომავალია მეუფე შიო, ბებიამისი გახლდათ ექიმი ნინო ჟვანია. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავდა, თუმცა ცოცხალი არავინ აღარ არის. ჰყავს ერთი და.

- ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებთ, რომ ვირტუოზი მუსიკოსი იყო...

- ნიჭიერი მუსიკოსი არის ნამდვილად, მაგრამ კონსერვატორია არ დაამთავრა. ბოლო კურსზე ბერად აღიკვეცა. ჯერ თეოლოგიით დაინტერესდა, შემდეგ სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, არის თეოლოგიის დოქტორი.

- პრეზიდენტი მარგველაშვილიც თქვენი კლასელი იყო...

- არა, ჩვენ ყველა მეგობრები ვიყავით.

- სოციალურ ქსელში ადრე გავრცელდა თქვენი ახალგაზრდობის ფოტო, სადაც თქვენ, მეუფე შიო და სხვა მეგობრები, პატრიარქს ხვდებით. გაიხსენეთ ეს შეხვედრა...

- ეს ფოტო 1987 წელს არის გადაღებული. მაშინ გავერთიანდით და ანტისაბჭოთა დიდისდენტური ჟურნალი გამოვუშვით. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით, ყველაზე პატარები ჩვენ ვიყავით და პატრიარქმა ჩვენთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა. ფოტო გაზეთ "თბილისის" რედაქტორმა გადაგვიღო. მახსოვს პატრიარქს ყველა ვემთხვიეთ ხელზე, მხოლოდ შიომ თქვა უარი - კაცებს ხელზე არ კოცნიანო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შიო ფოტოზე არ ჩანს, ის სწორედ პატრიარქის გვერდით იჯდა. დაახლოებით საათნახევარი ვისაუბრეთ პატრიარქთან, გვითხრა სწორ გზაზე ხართო, საინტერესო ისტორიები მოგვიყვა უწმინდესმა. სიყვარულით მიგვიღო, დაგვლოცა და დაგვემშვიდობა.

- იფიქრებდით, რომ მეუფე შიოს დაასახელებდა პატრიარქი მოსაყდრედ?

- ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. პატრიარქს ის ძალიან უყვარს და ეჭვი ყოველთვის გვქონდა, რომ ასე იქნებოდა.

- ბოლოს როდის ნახეთ მიტროპოლიტი?

- ბოლოს ერთი კვირის წინ იყო ჩემთან სახლში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ასევე იხილეთ: ფოტო არქივიდან: ბავშვობის მეგობრები - გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, მიტროპოლიტი შიო...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი