ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კვლავ ინტენსიური სროლისა და ძლიერი აფეთქების ხმა ისმის. ადგილზე, სპეცდანიშნულების რაზმმა კიდევ ერთი შტურმი განახორციელა. სავარაუდოდ, ცეცხლს საპასუხო სროლით უპასუხეს კორპუსში მყოფმა პირებმა.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები. გარე პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.
იხილეთ ვიდეო სპეცოპერაციის ადგილიდან
სპეცოპერაციის ადგილზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები იმყოფებიან.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა "ოპერაციის მიმდინარეობის დეტალებზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვერ ისაუბრებს".
"როგორც უკვე განვაცხადეთ, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი. დაჭრილია სპეციალური დანიშნულების რაზმის წარმომადგენელი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია. მოსახლეობას მოვუწოდებთ მაქსიმალურად შეიკავონ თავი აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილებისგან და დაემორჩილონ სამართალდამცველთა მითითებებს", - განაცხადეს სუს-ში.