სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სეზონში ბევრი ახალი პერსონაჟი გამოჩნდა, მათ შორისაა სალათის ფურცლების მაგნატი - ფრიდონ, იგივე ფროდო გამცემლიძეც, რომელიც სერიალის გმირი ქალბატონების სამიზნე მაშინვე გახდა. მოხერხებული მეგრელი ქალბატონი დოჩი ალიშბაია მასზე გათხოვებას გეგმავს, ეპრანჭება ლუნა მაზიაშვილიც, თუმცა მაგნატს გულში ბაქარის დედა - ექსცენტრიკული ნუნუკა ჩაუვარდა, რომელიც ცნობილ მსახიობს აგონებს...
როგორ განვითარდება სერიალში ამბები, ეს მხოლოდ სცენარისტმა ქეთი დევდარიანმა იცის, მაგრამ სერიოზული ინტრიგებისთვის რომ ამზადებენ მაყურებელს, უკვე ფაქტია.
ფრიდონ გამცემლიძის როლს მსახიობი იმედა არაბული თამაშობს, რომელსაც როგორც გაირკვა, ჟურნალისტები და ინტერვიუ დიდად არ უყვარს, ამიტომ, გაჭირვებით, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე მაინც მივიღეთ მისგან პასუხი: "ჩემს პერსონაჟში ნელ-ნელა ვერკვევი, მას ჯერ ვერ ვხედავ კარგად, თუმცა რაღაცებსაც ბოლომდე არ ვიტყვი, მაყურებლისთვის საინტერესო აღარ იქნება," - გვეუბნება იმედა.
სანამ ბოლომდე ჩამოყალიბდება იმაში, როგორი ტიპაჟი იქნება მისი გმირი, ამ გადასახედიდან მასზე ასე ფიქრობს: "არა მგონია, ცუდი ტიპი იყოს. უცნაური კაცი კია"...
- კი, უცნაურია მაგნატი ფროდო... თვითონ რამდენად "ახლობლობ" ბიზნესთან?
- არანაირად. თუ ვინმე აწყობილ ბიზნესს ჩამაბარებს, შეიძლება და ისე, მე რომ ავაწყო, ეგ ამბავი ძალიან მეზარება. ბიზნესი რატო გინდა? ფული რომ გქონდეს, კარგია, მაგრამ ეს ჩემი მოწოდება არ არის.
- ფრიდონ გამცემლიძე გამოჩნდა თუ არა, მაშინვე სერიალის ყველა კოლორიტი ქალბატონის ინტერესის ობიექტი გახდა. როგორ ფიქრობთ, არის ქალბატონების მოყვარული?
- კი, ალბათ არის...
რას ფიქრობს ამ ახალ პერსონაჟზე დოჩი ალიშბაია, რომელიც სხვადასხვა ხერხით ცდილობს მდიდარი და სიმპათიური ბიზნესმენის ხელში ჩაგდებას. ნანუკა გულუა ამბობს, რომ მისი პერსონაჟი "გაგიჟებულია ფროდოზე":
"რა ხდება მათ შორის და რა შეიძლება მოხდეს, ეს იცის მხოლოდ ამ ამბის შემოქმედმა, ქალბატონმა ქეთი დევდარიანმა... მე ის ვიცი, რომ გაგიჟებული ვარ, ისე მიყვარს ჩემი ფროდო. კადრს მიღმა ვმეგობრობთ. მასთან გადაღება, მუშაობა სასიამოვნოა, უნიჭიერესი ბიჭია, ისე შეუძლია როლში წამში შევიდეს და "ულვაშიანი კაცი" გახდეს, გაიჯგიმოს, ვერც წარმოიდგენთ. ჩვეულებრივი ხალისინი ადამიანია.
მოკლედ, ისეთია, რომ მასთან გაცილებით მობილიზებული ვარ და ვცდილობ, არაფერი გავაფუჭო. მაღალი დონის მსახიობია და მინდა, მაქსიმალურად კომფორტი შევუქმნა. ვგიჟდები ისეთი ოქროს ბიჭია და მართლაც უდიდესი ბედნიერებაა იმედასთან მუშაობა. გადამღები ჯგუფის მადლობელი ვარ, რომ ასეთ პროფესიონალებთან მუშაობის საშუალება მომეცა".
ნანუკას თქმით, მაყურებელს წინ დიდი და საინტერესო ამბები ელოდება. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, მისი პერსოაჟი არ არის გულგრილი ფროდოს მიმართ, იბრძვის თავისი წილი ბედნიერებისთვის.
"ვნახოთ, როგორ განვითარება მოვლენები, როგორ განეწყობა ეს ბიჭი დოჩის მიმართ და როგორი მტაცებელი აღმოჩნდება დოჩი ან იქნებ საერთოდ არ აღმოჩნდეს მტაცებელი?! შევხედოთ ერთი, რა იქნება... ისე დოჩი და სცენარი ძალიან მეხმარება ცხოვრებაში, - თუ ფროდოსთან ეს მტაცებლური ხერხი გაამართლებს, მერე იქნებ ცხოვრებაშიც დავხვეწო. თურმე, შესაძლებლი გახდება ასეთი მოქმედება - თუ ვინმე შორიდან მოგეწონება, მერე ქმრად აარჩიო... ოო, ეს თუ მოხდა, მერე მართლა მიფრთხილდნენ. ავარჩევ ტელევიზორით ქმარს და დავესხმები თავს ჟურნალ-გაზეთებით..."
ლალი ფაცია
ფოტო: "ჩემი ცოლის დაქალების" ფეისბუქ-გვერდიდან