სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად არსებული სიტუაციისა, დაუშვებელია კერძო საკუთრების ხელყოფა. დედაქალაქის მერმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე და დასრულებული მშენობლობებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სიტუაცია ძალიან მძიმეა.
"მთლიანობაში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სიტუაცია ძალიან მძიმეა. მეც და ბევრ მოქალაქესაც არ მოგვწონს ის შენობა-ნაგებობები, საცხოვრებელი კორპუსები, რომლებიც აშენებულია, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ჩვენ მივიდეთ, დავანგრიოთ და ხალხი გარეთ გამოვიყვანოთ?! ეს არის კერძო საკუთრება. სამწუხაროდ, რაც აშენდა და გაკეთდა იმას ვერაფერს ვუზამთ, მაგრამ მომავალში მშენებლობები და ნებართვების გაცემა რადიკალურად განსხვავებული იქნება ყველა მიმართულებით", - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მერის თქმით, შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში დედაქალაქის ადაპტირება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. "ქალაქის ადაპტირება ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის. გვესმის, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა უნდა დავიწყოთ პროექტების განხორციელება. თუ ჩვენ დღეს არ გადავდგით ამ მიმართულებით ნაბიჯები, კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია", - აღნიშნა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მომავალი წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის მორგება იმ პროექტებზე, რომელიც მის გუნდს წინასაარჩევნოდ ჰქონდა გაცხადებული. კალაძის თქმით, თბილისის მერია პირველ რიგში მუშაობას სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყებს.
"მთავარია ბიუჯეტის მორგება მომავალ წელზე და იმ პროექტებზე, რომელიც ჩვენ გვქონდა გათვალისწინებული წინასაარჩევნოდ. შესაბამისად, პირველი, რაზეც დავიწყებთ მუშაობას, არის ეს, რადგან შეუძლებელია ვისაუბროთ წარმატებებზე და პროექტების განხორციელებაზე, თუ ბიუჯეტი არ მოვიყვანეთ ერთიანობაში იმ ხედვებთან, რაც დაანონსებული გვქონდა", - განაცხადა კახა კალაძემ.