"საქსტატის" მონაცემებით, საშუალო ხელფასი საქართველოში ყოველწლიურად მატულობს:
თუ 2006 წელს მისი რაოდენობა 277,9 ლარი იყო, 2011 წელს - 636 ლარი გახდა, 2014 წელს - 818 ლარი, 2016 წელს კი, საშუალო ხელფასი საქართველოში 940 ლარს გაუტოლდა, თუმცა ლარის დევალავაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო ხელფასის მსყიდველობითუნარიანობა ძალიან შეამცირა. ეს მაჩვენებელი ოდნავაც ვერ ასახავს რეალურ მდგომარეობას, - აღნიშნა ჩვენთან ინტერვიუში ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა თემურ მაისურაძემ.
"ჩვენ ვიცით, როგორ ანგარიშობენ საშუალო ხელფასს: ერთად აჯამებენ ძალიან მაღალ და დაბალ ხელფასებს და მერე ჯამაგირის ამღებთა რიცხვზე ყოფენ. ვიღაცის ხელფასი ასეულობით ათასი ლარია, ვიღაცისა კი - 200-300 ლარი და მათი საშუალო მაჩვენებლი გამოჰყავთ. ისიც ვიცით, რომ დღეს საქართველოში 500 და 600 ლარიც კარგ ხელფასად მიიჩნევა, რადგან ამაზე მეტს ბაზარზე არ იძლევიან. უმუშევრობის დონე ქვეყანაში იმდენად მაღალია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იძულებული ხდება მიზერულ ხელფასზე იმუშაოს. ამიტომ, ვისაც კომპენსაცია და დახმარებები აქვს, ყველანაირად არიდებს თავს მუშაობას, რადგან ხელფასი ზოგჯერ სოციალურ დახმარებაზე ნაკლებია. საქართველოში ხელფასები რომ ძალიან დაბალია, ამას მტკიცება არ სჭირდება, რადგან თითოეული ადამიანი, თვიდან თვემდე, კაპიკ-კაპიკ ითვლის ყველაფერს და მხოლოდ
პირველად მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს", - ამბობს თემურ მაისურაძე.
ეკონომისტის თქმით, ლარის დევალვაცია უკვე აისახა და მომავალშიც აისახება საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობაზე.
"დააკვირდით როგორ გაიზარდა ხილის ფასი, რა ღირდა ადრე ყველი, ან ხორცი და რა ღირს ახლა. საბოლოო ჯამში ამ ყველაფრით მაინც რიგითი მოქალაქე ზარალდება. ჩვენ კი ვამბობთ, რომ ქვეყანაში მცოცავი კურსია, მაგრამ ხშირად ერთ ნაბიჯს ვდგამთ წინ და ორს - უკან. ეს ფასებზეც აისახება, რადგან იმპორტირებულ პროდუქციას ჩვენი ბაზრის უდიდესი წილი უკავია. დავუშვათ, მე იმპორტიორი ვარ, ლარის დევალვაციის გამო უფრო მეტი ფული უნდა გადავიხადო, რომ დოლარი ვიყიდო. ამ რამდენიმე თვის წინ 100 დოლარის შესაძენად თუ მჭირდებოდა 240 ლარი, რომ უცხოეთიდან პროდუქცია მეყიდა, ახლა უკვე 270 ლარი მჭირდება. გავაძვირებ თუ არა ჩემს პროდუქტს? - რა თქმა უნდა, გავაძვირებ", - აღნიშნავს თემურ მაისურაძე.
განაგრძეთ კითხვა