წლის ბოლომდე იემენში 50 ათასზე მეტი ბავშვი გარდაიცვლება შიმშილისგან, რომლის მიზეზი ქვეყანაში მიმდინარე ომია, საქველმოქმედო ორგანიზაციის Save the Children ინფორმაციას ”ინდეფენდენთი” ავრცელებს.
ქვეყანაში 7 მილიონი ადამიანი შიმშილის ღვარზეა, ამასთან, იემენში ქოლერას ეპიდემია მძვინვარებს.
ყოველდღიურად ქვეყანაში დაახლოებით 130 ბავშვი კვდება, 400 000-მდე ბავშვს კი სასწრაფოდ მკურნალობა ესაჭიროება.
”დღეში ასობით დედა ტირის საკუთარი შვილის გარდაცვალებას,” - ამბობს Save the Children-ის იემენის ორგანიზაციის დირექტორი ტამერ კიროლოსი.
18 წლის ნადირას, რომელიც იემენის ჩრდილოეთით ცხოვრობს, კვების უკმარისობის გამო მძიმე დარღვევები და რესპირატორული დაავადებები აქვს. დედამ შეძლო, შეეგროვებინა თანხა, რომ ქალაქ ჰაჯაში წაეყვანა შვილი სამკურნალოდ, თუმცა ფინანსური რესურსი მალე ამოიწურა და ბავშვის მდგომარეობა კვლავ დამძიმდა.
”ძალიან ვნერვიულობ ოჯახისთვის საჭმელზე, ბავშვებს წამლები სჭირდებათ. მინდა, ჩემმა შვილმა იცოცხლოს, ახლა ეს ჩემთვის მთავარი საზრუნავია,” - ამბობს ნადირას დედა შაიკა.
საქველმოქმედო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შიმშილისა და დაავადების მაჩვენებელი, შესაძლოა, იმაზე მაღალი იყოს, ვიდრე წინასწარ გათვალეს - მაშინ, ვიდრე საუდის არაბეთი კიდევ უფრო დაამძიმებდა ბლოკადას იემენში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ეს გადაწყვეტილება კი საუდის არაბეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნული ტერიტორიებიდან რიადის მიმართულებით რაკეტა ისროლეს.
ბლოკადის გამო დაიხურა იემენის მთავარი პორტები, საიდანაც ქვეყანა საკვებისა და სამედიცინო დახმარების უდიდეს ნაწილს იღებდა.
ქვეყანაში საჭმელი და საწვავი კატასტროფულად გაძვირდა, ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს იემენელებისთვის დახმარების მიწოდება უჭირთ.
”თუ ბლოკადა სასწრაფოდ არ მოიხსნება, უამრავი ბავშვი გარდაიცვლება,” - ამბობს ტამერ კიროლოსი.